Thursday, March 28, 2013

აღქმის მეოთხე პოზიცია

აღქმის მეოთხე პოზიცია არის სტრატეგიული, სისტემური მიდგომა და ამავე დროს პირადი თვალთახედვა. "მე და შენ  სისტემის ნაწილები ვართ". აქ ხდება ურთიერთკავშირების ანალიზი, პერსპექტივების, კოლეგების ინტერესებისა და სისტემის ამოცანების გათვალისწინება.


ნუ შეგაშინებთ სიტყვა "სისტემა". ეს შეიძლება იყოს ოჯახი, მეგობრების წრე, თანამშრომლები - ყველაფერი ეს შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სისტემა (თანაც საკმაოდ სიმპათიური). 
ადამიანი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს მომავლის მზერით უცქერს აშენებს როგორც საკუთარ, ასევე იმათ მომავალსაც, ვინც მის შემდეგ მოდის. გარშემომყოფებისათვის ასეთი ადამიანი "ზრდასრულია", თავად ადამიანს კი ეს აძლევს საკუთარ პერსპექტივებში რწმენას, სტატუსს და სიბრძნეს.


 

 

მისტერ მილვერტონი შანტაჟისტი და ამორალური პიროვნებაა, რომელსაც გააჩნია სისტემური ხედვა და სისტემური აზროვნება. იგი მზადაა აკეთოს თუნდაც ისეთი საქმეები, რომლებიც პირდაპირ მოგებას არ მოუტანს, მაგრამ შექმნიან კონტექსტს, რომელიც მომავალში მოუტანს სარგებელს.
                            ფილმი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"

აღქმის მეოთხე პოზიციის შეფასება

ეს არის სისტემური მიდგომა, როცა ხდება ყველა ფაქტორის გათვალისწინება:
მე=შენ+ისინი+გარემოცვა+მომავალი...
ყმაწვილს მოსწონს გოგონა, გოგონას მოსწონს ყმაწვილი. ფიქრობენ ერთობლივ თანაცხოვრებაზე. პერსპექტივები: ცალკე საცხოვრებელი ადგილი არა აქვთ, ნათესავები წინააღმდეგი არიან, ბიჭი არსად არ მუშაობს, გოგომ საჭმელის კეთება არ იცის და ორივეს ერთად კი უჭირთ საკუთარი პრინციპების დათმობა და კონსენსუსის მიღწევა. პერსპექტივები აქ საკმაოდ პრობლემატურია...
ეს არის სისტემური აზროვნება: პრობლემის წყაროს ძებნა ხდება სიტუაციის განხილვით მთლიანად სისტემის პოზიციიდან და სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე.
თანამშრომელი მცირე ქურდობაზე იქნა შემჩნეული და სამსახურიდან გაათავისუფლეთ. დაიქირავეთ ახალი თანამშრომელი. როცა ერთი თვის შემდეგ მანაც მოპარვა დაიწყო, შემდეგი თანამშრომლის შერჩევას უკვე გაცილებით სერიოზულად მოეკიდეთ. მაგრამ თუ ნახევარი წლის შემდეგ ეს თანამშრომელიც ქურდობას დაიწყებს, ალბათ საჭირო იქნება იმაზე დაფიქრება, რომ პრობლემა თანამშრომლებში კი არა, სისტემაშია, რომელშიც ისინი ხვდებიან. იქნებ სწორედ აქ არის ცვლილებები შესატანი?
ეს არის სისტემური ხედვა, სადაც თითოეული წევრი საკუთარ თავს უფრო ფართო სისტემის ელემენტად მიიჩნევს.
სისტემური ხედვისას სკოლის მასწავლებელი თავს სასკოლო პედკოლექტივის წევრად ხედავს. პედკოლექტივს - სკოლის ნაწილად; სკოლას - განათლების სიტემის შემადგენელ ნაწილად, განათლების სიტემას ხედავს როგორც ქვეყნის კულტურის ნაწილს და ა.შ.
ეს არის ნებელობითი ქმედება, რომელიც ეფუძნება უფრო მაღალი ფასეულობების საკუთარ სიტუაციურ ფასეულობებზე წინ დაყენების უნარს. ამაზე ვისაუბრებთ თემაშის "სხვადასხვა დონის ფასეულობები" დროს.
როცა დილით ძლივს ახელთ თვალებს  აღქმის პირველი პოიზიციიდან მხოლოდ იმას გრძნობთ, რომ საშინლად გეძინებათ, ვერაფრით ვერ გამოიძინეთ და რომ ლოგინში კოტრიალი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ადგომა.  გინდათ თვალები დახუჭოთ და კვლავ ძილს მიეცეთ. სწორედ ეს არის სიტუაციური ფასეულობა. თუმცა ზრდასრული ადამიანების უმეტესობა პოულობს ძალებს ადგეს და მოკლე დროში სამსახურში წასასვლელადაც გაემზადოს. სამსახური ამ კონკრეტულ შემთხვევში - უფრო მაღალი დონის პირადი ფასეულობაა.
ეს სოციალური პასუხისმგებლობაა: იმ ადამიანების ინტერესების გათვალისწინება, რომელთაც შეიძლება პირადად არც კი ვიცნობ, მაგრამ რომლებიც ჩემთან ერთად  მნიშვნელოვანი ერთიანობის ნაწილი არიან.


სოციალური პასუხისმგებლობა  არის ადამიანების წინაშე და მათთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა. ეს სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული განმარტებაა და ყველა სხვა სახის პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანება.

სოციალური პასუხისმგებლობა იგივეა რაც მოვალეობის გრძნობა. მოვალეობის გრძნობა შეიძლება იყოს სიტუაციური ("რადგან დაგპირდი - ესე იგი გავაკეთებ") ან სოციალური როლის, სტატუსის დამახასიათებელი (მშობლების, შვილის, მოქალაქის, ადამიანის).

 სისტემური ხედვის მქონე ადამიანის პლატფორმაა - "ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე ოჯახის იმედი ვარ, გუნდის წევრი, განყოფილების თანამშრომელი, ქვეყნის მოქალაქე და ის, რასაც მე ვაკეთებ (ან არ ვაკეთებ), აისახება გარშემომყოფებზე..." ეს არის მოვლენის არსისა და პერსპექტივების ხედვა: უნარი დაინახო საკუთარი თავი და ყველაფერი რაც გარშემო ხდება, როგორც ერთი მთლიანი ჯაჭვის და სისტემის ელემენტი, როგორც წარსულის გაგრძელება და მომავლის წინაპირობა.
ის, ვინც მომავალზე ფიქრობს, ისახავს მიზნებს, ქმნის და ახორციელებს გეგმებს და გარდა სიტყვისა "მინდა" იცის როგორ თქვას "საჭიროა".
სიტუაციური ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანისათვის ხშირად უფრო მომგებიანია გამოიყენოს ნეგატიური მსოფლმხედველობა და ნეგატიური მოტივაცია, მოტყუების სტრატეგია და "მოგება-წაგების" მოდელი. მაგრამ გრძლევადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე უფრო გამართლებულია პოზიტიური მსოფლმხედველობის და პოზიტიური მოტივირების, მზრუნველობისა და თანამშრომლობის გამოყენება

არსებობს თუ არა მინუსები ასეთ სისტემურ მიდგომაში? ალბათ უპრიანი იქნებოდა მეფე სოლომონის სიტყვები გამოგვეყენებინა: "ბევრ სიბრძნეში - ბევრი სევდაა, და ის ვინც ამრავლებს ცოდნას, ამრავლებს დარდსაც". იყო ზედმეტად ჭკვიანი :) - ხანდახან შეიძლება უტაქტობაში ჩაგეთვალოთ, თქვენი სიბრძნე შეიძლება ქედმაღლობად შეაფასონ. განწყობა - "მე ვიცი რა სჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს და რა უნდა ვაკეთოთ", პრინციპში, შესაძლებელია სწორედ ასეც იქნას აღქმული.

აღქმის მეოთხე და პირველი პოზიციები

მეოთხე პოზიცია ჰგავს აღქმის პირველ პოზიციას, რამეთუ ორივე შემთხვევაში თქვენ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავთ. პირველი პოზიცია - თქვენი საკუთარი ხედვაა თქვენი პერსონიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სუბიექტური პოზიცია, მაშინ, როდესაც მეოთხე პოზიცია - სიტუაციის თქვენი საკუთარი ხედვაა,  მაგრამ არა სუბიექტური, არამედ ობიექტური. ეს ორი კარდინალურად განსხვავებული პოზიციაა - "მე მინდა!" იგივე არ არის რაც  "ჩვენ გვჭირდება!", როგორც "მე მომწონს!" განსხვავდება პოზიციისაგან -  "ასე აჯობებს!", მაგრამ გარეგნულად ეს ორი პოზიცია შეიძლება ძალიან გავდეს ერთმანეთს: ორივე შემთხვევაში თქვენ თქვენს პოზიციას აფიქსირებთ.


ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
პირველი - ჩემი ინტერესები
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მესამე - ობიექტურობა
მეხუთე - ანგელოზი
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.

Wednesday, March 27, 2013

როგორ განვავითაროთ აღქმის მესამე პოზიცია


გამოიყენეთ შემდეგი რჩევები და სავარჯიშოები:

  • შეგეძლოთ ზღაპრიდან აბსტრაგირება და რეალობაში გადმოსვლა. (დაწვრილებით "ზღაპრებზე და რეალობაზე" იხილე ცოტათი ქვემოთ).
  • ისწავლეთ განსაზღვროთ ის კრიტერიუმები, რომლებიც საშუალებას მოგცემთ სწრაფად შეაფასოთ საკუთარი თავი ან სიტუაცია; ნებისმიერი მონაცემები გადაიყვანოთ რაოდენობრივი მაჩვენებლების რეჟიმში (ფული, დრო). 
  • განივითარეთ ლოგიკა, შეაფასეთ სიტუაცია გონებიდან გამომდინარე და არა მხოლოდ გულიდან..

რომელი სავარჯიშოები დაგეხმარებათ ამაში?

სავარჯიშოები "მზიანი სახლის" საბაზო ტრენინგიდან, სავარჯიშოები - "პრეზენტაციის ობიექტური შეფასება", "სინამდვილეში აი ასეა!", "ზღაპრები და რეალობა", "მითხარი რას ფიქრობ?", "ვინ რაშია ძლიერი?"

ზღაპარი და რეალობა

ზრაპარი და რეალობა ცხოვრების აღქმის ორი ხერხია, ორი ფორმატი.

გამოგონება, ინტერპრეტაცია, წარმოსახვა.

აღქმის მეშვეობით ადამიანი ახდენს სამყაროს (სიტუაციის) დასრულებული ხატების ფორმირებას. თუ ამ სურათს რომელიმე ნაწილი აკლია - ადამიანი ეძებს, ასრულებს არსებულს ან იგონებს ახალს. ამასთან არის დაკავშირებული ის, რომ ერთი და იგივე მოვლენას თვითმხილველები ხშირად სხვადასხვანაირად აღწერენ ხოლმე. (ამაზე სუბიექტურ აღქმაში ვისაუბრებთ)

ზღაპარი შუშის ბურთულებზე

ბროლის მაგვარი შუშის ბურთულები ბავშვებისათვის იგივეა, რაც ოქროს ფილები ან ალმასები უფროსებისათვის. თუნდაც ერთი ოქროს ფილის ან ალმასის მოგება დიდი სიხარული და იღბალია, მაგრამ ერთი პატარა ბიჭის ცხოვრებაში მოხდა სრული სასწაული - ვარსკვლავები ისე წარმოუდგენლად განლაგდნენ, რომ მან შესვენებაზე ყველა ბურთულა მოუგო თავის ყველა თანაკლასელს.( "ზრაპარი შუშის ბურთულებზე").
00:00
00:00

Сказка о Стеклянных Шариках.

ფილმი «Амели».

გადმოწერე ვიდეო

ფორმატის დანიშნულება

ცხოვრებისეული მოვლენების ზღაპრის ფორმატში აღქმა ადამიანებისათვის ტიპიური და ბუნებრივია. ამ გადასახედიდან შეიძლება ითქვას, რომ ყველა ადამიანი თითქმის მთელი თავისი ცხოვრება ზღაპარში ცხოვრობს.
მოვლენების რეალობის ფორმატში აღწერა - გაცილებით რთული და ნაკლებად განვითარებულ-გავრცელებული უნარია, რომელსაც სპეციალური მომზადება ესაჭიროება.
თუ ზრაპარი უფრო მდიდრული და ლამაზია, ვიდრე რეალობა, მაშინ ზრაპარში ცხოვრება უფრო ბუნებრივი და სწორი გადაწყვეტილებაა. და პრინციპში ასეც ხდება.
თუმცა თუ კონკრეტული ზღაპარი ნეგატიურია, გულს და სულს გტკენთ და ტრავმის მიზეზი ხდება, მაშინ უმჯობესი იქნებოდა მოვლენების აღქმის რეალობის ფორმატში გადასულიყავით. როგორც წესი, ძალიან ძნელია ისეთი მოვლენების გადახარშვა, როგორიცაა დამცირება, შეურაცხყოფა, წყენა, თუმცა რეალობაში შეიძლება ეს არც თუ ისე დიდი მნიშვნელობის მოვლენები აღმოჩნდეს.

ზღაპრისა და რეალობის თემა განიხილება "მზიანი სახლის" "სულის სამყაროს" ტრენინგებზე.


აღქმის მესამე პოზიცია


აღქმის მესამე პოზიცია ეს არის საკუთარი თავის და სიტუაციის დანახვა გვერდიდან, გვერდითი დამკვირვებლის პოზიციიდან: "არაფერი პიროვნული!". ეს არის მშვიდი ობიექტურობა, ექსპერტის მზერა, უნარი დავინახოთ საკუთარი თავი გვერდიდან; საკუთარი თავისთვის ისეთი შეფასებების მიცემა, როგორსაც სხვა ადამიანები მოგცემდნენ - ისინი, ვინც შენს დიპლომსა და გარეგნობას შეაფასებდნენ, რომლებიც სამსახურში აგიყვანდნენ და საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებდნენ. დამატებით - ნებისმიერ სიტუაციაში შეგეძლოს დაინახო პირველ რიგში საქმის ინტერესები და არა საკუთარი სირთულეები, განცდები და ემოციები.



 

"გინდათ რომ შეგიცოდოთ? გამოფხიზლდით, საყვარელო, მირანდა უბრალოდ თავის საქმეს აკეთებს. და თუ თქვენ ეს არ გაწყობთ, გაეთავისუფლეთ, წადით სამსახურიდან. თქვენს პოზიციაზე 5 წუთში მოვძებნი ახალ მსურველს. მოვძებნი ქალიშვილს, რომელიც იმუშავებს იმის მაგივრად რომ იწუწუნოს როგორც თქვენ."
 ფილმი «Дьявол носит Прада»

აღქმის მესამე პოზიციის შეფასება

აღქმის პირველ და მეორე პოზიციებთან შედარებით, მესამე პოზიციას არ ახასიათებს სუბიექტურობა, სენტიმენტალურობა და ემოციურობა. სხვა პოზიციებიდან თუ შევხედავთ, მესამე ძალიან უსულგულო და ხისტია, ყველაფერს უსულო საგნებად აქცევს. იქმნება ობიექტ-ობიექტის დამოკიდებულება. მესამე პოზიციის გადმოსახედიდან პირველი პოზიცია ვოლუნტარიზმი და სუბიექტივიზმია, მეორე კი მხოლოდ ემოციები და სისუსტე. ამ პოზიციებს შორის კონფლიქტი შეგიძლიათ იხილოთ ქვენოთ მოყვანილ ვიდეო ნაწყვეტში.

 

მასწავლებელი ბავშვებს თბილად და ემოციურად უდგება, მაიორ პეინი კი საქმიანად და ობიექტურად. რაც ხანდახან უხეშობად ვლინდება.
ფილმი «Майор Пэйн»


რა საჭიროა გვერდითი დამკვირვებლის როლში ყოფნა? რა სარგებლობა შეიძლება მოგვიტანოს ამან? პირველ რიგში ეს დაგეხმარებათ მოვლენების რეალისტურ შეფასებაში, ილუზიებიდან და ზღაპრული სამყაროდან გამოსვლაში, თუ ეს სამყარო დესტრუქციულია. საკუთარი თავის გვერდიდან შეფასება დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ ცხოვრებისადმი საქმიანი მიდგომა, შეამციროთ ან გადალახოთ პირადი პოზიციის სუბიექტურობა; ეს კი დაგეხმარებათ იყოთ უფრო ადექვატური, შეუქმნათ გარშემომყოფებს თქვენზე საჭირო შთაბეჭდილება და შეინარჩუნოთ კარგი რეპუტაცია. საქმიან ადამიანს ასეთი აღქმა აუცილებლად ესაჭიროება.  სხევისთვის ასეთი ადამიანი არის "ობიექტური", საკუთარი თავისთვის კი - "მესმის სიტუაციის, ვქმნი წარმატების წინაპირობას".

როგორ განვავითაროთ აღქმის მესამე პოზიცია.


ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
პირველი - ჩემი ინტერესები
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მეოთხე - სისტემური ხედვა
მეხუთე - ანგელოზი
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.



Tuesday, March 26, 2013

როგორ განვავითაროთ მეორე პოზიცია - "ტოტალური დიახ"




ძირითადი ტექნიკები, რომლებიც დაგეხმარებათ გამოიმუშაოთ სიტუაციის სხვა ადამიანის პოზიციიდან აღქმის უნარი:
  • რეაქციის მოდელირება - ჩვევა დავაყენოთ საკუთარი თავი თანამოსაუბრის ადგილას (თუნდაც წარმოსახვაში) და მოვლენები მისი თვალით დავინახოთ.
  • "სხვის ტყავში შესვლა" - უნარი ფიზიკურად შევიგრძნოთ სხვა ადამიანის მდგომარეობა.
  • ყურადღებით მოვუსმინოთ თანამოსაუბრეს, ყურადღებით მოვეკიდოთ მის სიტყვებს. დავიმახსოვროთ ადამიანისათვის რა არის მნიშვნელოვანი.
  • ვიცხოვროთ "ტოტალური დიახ"-ის რეჟიმში - ვეცადოთ კი არ ვიკამათოთ, არამედ გავუგოთ თანამოსაუბრეს. 
  • ავეწყოთ ადამიანს, გადავიღოთ მისი სიარულის, დგომის, ჯდომის მანერა, სახის გამომეტყველება, სუნთქვა, საუბრის სტილი და საერთოდ - ცხოვრების სტილი მთლიანად.

ტოტალური დიახ


"ტოტალური დიახ" არის კომუნიკატიური ილეთი, რომელიც კრძალავს სიტყვა "არა"-ს გამოყენებას და გვიბიძგებს მოვძებნოთ რაიმე გონივრული ვარიანტები რათა დავეთანხმოთ თანამოსაუბრეს.
სწავლის რეჟიმში - ეს არის წინადადების დასაწყისში სიტყვა "არა"-ს გამოყენებაზე მკაცრი აკრძალვის დაწესება. ჩვეულებრივი, ადამიანური ურთიერთობების პროცესში - სურვილი თავი ავარიდოთ დაპირისპირებას და მოვძებნოთ ხერხები და საშუალებები თუ როგორ დავეთანხმოთ თანამოსაუბრეს.
როცა ეძებთ და პირველ რიგში ამბობთ "დიახ" ყველაფერზე, რაზე დათანხმებაც შესაძლებელია, თქვენ ქმნით ურთიერთობაში საკუთარი მიზნების მიღწევის წინაპირობას ორივე მხარისათვის ყველაზე უმტკივნეულო საშუალებით. "ტოტალური დიახ" არის სინტონური ურთიერთობის ელემენტი.
თქვენ არა მხოლოდ გაიგონეთ რა გითხრეს (და "გაატარეთ"), არამედ უთხარით კიდეც თქვენს თანამოსაუბრეს, რომ ტყუილუბრალოდ არ ულაპარაკია, რომ თქვენ უსმენდით და გაიგონეთ მისი ნათქვამი. როგორც წესი, ადამიანებს ეს სიამოვნებთ და მათთვის ეს მნიშვნელოვანია.
"ტოტალური დიახ" არ არის გაუაზრებელი კვერის დაკვრა. ასეთი მიდგომის დროს თქვენ გესმით, რომ თანამოსაუბრე არც მტერია და არც სულელი, რომ მის სიტყვებში არის სიმართლის რაღაც ნაწილაკი და თქვენ მზად ხართ ეს დაინახოთ. "ტოტალური დიახ" არის კონსტრუქციული მოსმენის ტექნიკა - როცა თანამოსაუბრეს ვუსმენთ, გვესმის სად არის გონიერების მარცვალი და ვხედავთ სად არის აზრი მის პოზიციაში.

"ტოტალური დიახ" ჯივსის შესრულებით - როგორ მოვახდინოთ მსუბუქი ზეგავლენა.

ფილმი «ჯივსი და ვუსტერი».

გადმოწერე ვიდეო
ყვება "სინტონის" ერთ-ერთი მონაწილე ქალი: " ადრე, როცა კაცებს ვესაუბრებოდი, ყოველთვის შინაგანი პროტესტი მქონდა და თუნდაც წარმოსახვაში არ ვეთანხმებოდი მათ. საკმაოდ საზრიანი ადამიანი ვარ, ამიტომ ამას, როგორც წესი, წარმატებულად ვაკეთებდი, შესაბამისად ყველა კაცი ჩემს გარშემო საკმაოდ არასახარბიელოდ გამოიყურებოდა - აშკარად  მოიკოჭლებდნენ ინტელექტის მხრივ. ეხლა ვცდილობ მათ სიტყვებში აზრი დავიჭირო. რადგან საკმაოდ საზრიანი ადამიანი ვარ, ესეც კარგად გამომდის, ჰოდა ჩემს გარშემო ჭკვიანი კაცების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა!"
"ტოტალური დიახ" ერთ-ერთი აუცილებელი სავარჯიშოა "დისტანციაზე". სად შეგიძლიათ დაეუფლოთ ამ სავარჯიშოს? პირველ რიგში "მზიანი სახლის" პიროვნული განვითარების საბაზო ტრენინგზე, "მზიანი სახლის" საზაფხულო ბანაკებში და "დისტანციაზე".
როცა ამ სავარჯიშოს იყენებთ, ეცადეთ შეინარჩუნოთ საღი აზრი და სიტუაცია აბსურდამდე არ დაიყვანოთ. :) თუ გეკითხებიან - "უფროსი ადგილზეა?", უმჯობესია პირდაპირ უპასუხოთ - "არა", ვიდრე გადახვიდეთ ჩახუჭუჭებული კონსტრუქციის შექმნაზე: "დიახ, იცით, მე ვფიქრობ რომ ეხლა გასულია, მაგრამ მალე იქნება".

როგორ ავითვისოთ "ტოტალური დიახ"

"ტოტალური დიახ" უმჯობესია აითვისოთ ეტაპობრივად. დასაწყისში გაწმინდეთ თქვენი მეტყველება შემთხვევითი დამანაგვიანებელი "არა"-საგან, შემდეგ მოიშორეთ შინაგანი აზრობრივი "არა", რომელთა გარეშეც ადვილად გახვალთ ფონს. ამის შემდეგ მუშაობა ორი მიმართულებით უნდა დაიწყოთ - მიმართულება "არა" და მიმართულება "დიახ". მიმართულება "არა" - ეს არის მუშაობა შინაგან 'არა"-ზე და მთლიანად შინაგან პროტესტზე. მუშაობა "დიახ"-ზე - ეს არის ჩვევის ჩამოყალიბება გონივრულად დავეთანხმოთ და შევძლოთ გონივრული კომპრომისები მოვძებნოთ თანამოსაუბრესთან.  ნეგატიურ  მუშაობას (მუშაობა საკუთარ შინაგან პროტესტებზე) აუცილებლად თან უნდა სდევდეს პოზიტიური მუშაობა, გონივრული თანხმობის უნარის განვითარება.
გამოყენებულია მასალა პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედია "ფსიქოლოგოსის" ვებ-გვერდიდან.

აღქმის მეორე პოზიცია


აღქმის მეორე პოზიცია  გულისხმობს სხვა ადამიანის პოზიციაში თავის ჩაყენებას, მოვლენების მისი თვალით დანახვას, მისი მსოფლმხედველობისა და ინტერესების გათვალისწინებას. 


Hitch - How to Attract Women in The Bar

"არაორაზროვან სიგნალებს იძლევით: თმები გადაწეული გაქვთ, საყურეები არ გიკეთიათ, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი...შუბლზე გაწერიათ: "არც კი გაბედო დალაპარაკება, ყმაწვილო!" 





აღქმის მეორე პოზიციას პარტნიორულ ურთიერთობებსაც უწოდებენ, იმიტომ, რომ თუ ადამიანები ახერხებენ გაუგონ და იგრძნონ ერთმანეთი, მათ როგორც წესი, ერთმანეთის მიმართ სიმპათია ამოძრავებთ და პარტნიორები ხდებიან ხოლმე. მაგრამ ადამიანი, რომელიც კარგად გიცნობთ არა მარტო თქვენი პარტნიორი, არამედ თქვენი მტერიც შეიძლება გახდეს. უფრო რომ დავაზუსტოთ რას ვგულისხმობთ - ნამდვილი პარტნიორობისათვის სხვა ადამიანის გაგება აუცილებელია, მაგრამ სხვისი გაგება საკმარისი არ არის და არ იძლევა პარტნიორული ურთიერთობების გარანტიას.





Coming to America: Bark Like a Dog

"მე ის მიყვარს რაც თქვენ, თქვენო უდიდებულესობავ!"

https://www.youtube.com/watch?v=ugUaxot1UgE


მეორე პოზიციის შეფასება

"თუკი არსებობს ცხოვრებისეული წარმატების საიდუმლო, მაშინ იგი შემდეგში მდგომარეობს: შეგვეძლოს  საკუთარი თავი სხვის ადგილას დავაყენოთ."                                 (ჰენრი ფორდი)
უნარი თანამოსაუბრის თვალებით დავინახოთ მიმდინარე მოვლენები, გავუგოთ პარტნიორს, ვიგრძნოთ სხვა ადამიანის მდგომარეობა - ამ უნარების განვითარებაში გვეხმარება სწორედ აღქმის მეორე პოზიციის განვითარება. ეს აუცილებელია როგორც პირად, ასევე საქმიან ურთიერთობებში,ახლობელ ადამიანებთან კამათისას თუ მნიშვნელოვან საქმიან პარტნიორთან მოლაპარაკების დროს.
შეიძლება სრულიად დარწმუნებული იყოთ საკუთარი პოზიციის სისწორეში, მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ ამ სიტუაციას სხვა ადამიანიც ზუსტად ასე აღიქვამს. როგორც არ უნდა ეცადოთ სიტუაციის თქვენეული ხედვა დაასაბუთოთ, თუ არ შეგიძლიათ გაერკვეთ როგორ ხედავენ იგივე სიტუაციას გარშემომყოფები და თქვენი კონკრეტული პარტნიორი, თქვენი მცდელობა შედეგს ვერ გამოიღებს. სხვა ადმიანის პოზიციიდან მოველენების დანახვის უნარი და ჩვევა ისეთივე მნიშვნელოვანია საქმიანი ადამიანისათვის, როგორც კომპიუტერის ხმარება.
კამათისას ეს უნარი დაგეხმარებათ დაინახოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ თანამოსაუბრის სიმართლეც და იმის მაგივრად, რომ ჯიუტად "გაჭედოთ", შეძლებთ მისი ძლიერი მხარეები თქვენდა სასიკეთოდ გამოიყენოთ. თუ კონკურენტულ ურთიერთობებში ხართ, საჭირო ინფორმაციის ცოდნა დაგეხმარებოდათ მისი "შეტევების" მიმართულება წინასწარ განსაზღვროთ და შესაბამისი ზომებიც მიიღოთ. გახსოვდეთ: "ყველაზე საუკეთესო მოლაპარაკება არის ის, სადაც ორივე მხარის ინტერესებია გათვალისწინებული". 
გარდა ამისა, თუ შეძლებთ გაიგოთ და იგრძნოთ რისი ეშინია თქვენს პარტნიორს, რის არიდებას ცდილობს თავიდან, საჭიროების შემთხვევაში შეძლებთ მის დამშვიდებას და მხარში ამოდგომას, სხვა შემთხვევაში კი, პირიქით, გამოიყენოთ ეს "შიშები" საჭირო მიმართულებით ბიძგის მისაცემად. კონფლიქტში პარტნიორის გაგება-შეგრძნება საშუალებას გვაძლევს დავინახოთ და ავღნიშნოთ არა მხოლოდ ის მომენტები, როცა ჩვენს მიმართ მოდის კონფლიქტოგენი, არამედ ისიც, როცა ამ კონფლიქტოგენის ავტორები ჩვენ ვართ. როცა სხვა ადმიანის ადგილას დააყენებთ თავს, მიხვდებით, რომ ხანდახან იოლი არ არის თქვენი გაგება და პატიება და რომ სისულელეა თქვენი მხრიდან ამდენი ხნით დაბოღმვა-გაბუტება.
ადამიანი, რომელსაც აღქმის განვითარებული მეორე პოზიცია აქვს, სხვებისთვის "თბილი", "მეგობრული" ადამიანია, საკუთარ თავს კი შეუძლია უთხრას "მე მესმის ადამიანების და ბევრი კარგი მეგობარი მყავს".
თუმცა ყოველთვის ყველაფერს მხოლოდ პარტნიორის პოზიციიდან ვუყუროთ არ არის გამართლებული: ამ დროს ადამიანმა შეიძლება გამორთოს საკუთარი კრიტიკული აზროვნება, დაემორჩილოს სხვების მოლოდინებს და დაივიწყოს საკუთარი საქმეები და ინტერესები.
მეორე პოზიციამ კი არ უნდა შეცვალოს, არამედ უნდა შეავსოს პირველი პოზიცია. როცა ვსწავლობთ სხვა ადამიანის სიტუაციის გაგებასა და შეგრძნებას, ამავე დროს უნდა გვახსოვდეს ჩვენი საკუთარი მიზნები და ამოცანები.


როგორ განვავითაროთ აღქმის მეორე პოზიცია.


გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის  ვებ გვერდიდან.

Monday, March 25, 2013

ზონების თეორია - კომფორტის, დაძაბულობის, კრიზისისა და პანიკის ზონები


გაიხსენეთ რა რეაქცია გაქვთ ხოლმე, როდესაც  რაიმე ისეთის გაკეთებას შემოგთავაზებენ, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. როგორც წესი ამ დროს ოთხიდან ერთ-ერთ პოზიციაზე აღმოჩნდებით: 1. შეიძლება ფიქრობთ- „რა პრობლემაა. ბუნებრივია, ვცდი. საკმაოდ იოლი ჩანს“;  2.  ოდნავ აღელდებით, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესო სიახლის მოლოდინი დაგეუფლებათ; 3.მღელვარების დონე საკმაოდ მაღალია და გრძნობთ, რომ ის რაც აქამდე იცოდით და რისიც გჯეროდათ, კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული; და ბოლოს 4. მღელვარება გადადის შიშში;  ამ შესაძლო სიახლეზე ფიქრითაც კი "წნევა გიწევთ" და პანიკაში ვარდებით.

აქ მოყვანილი ოთხი რეაქცია ზოგადად აღწერილია, როგორც ზონების თეორია - ზონები, რომლებიც ადამიანებმა შეიძლება გაიარონ სასწავლო პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე. ესენია: 1. კომფორტის ზონა; 2. დაძაბულობის  ზონა  3. კრიზისის ზონა და 4. პანიკის ზონა. პიროვნული ზრდა-განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისათვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დაგეხმარებათ გაერკვეთ ამა თუ იმ მომენტში სად ხართ და რა ხდება თქვენს თავს :)
ქვემოთ მოყვანილ სურათზე მხოლოდ სამი ზონაა ნაჩვენები (სამწუხაროდ ამ სიჩქარეში ვერ მოვნახე ოთხზონიანი სქემა). ამ შემთხვევაში კრიზისის ზონა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ზღვარი დძაბულობისა და პანიკის ზონას შორის.


 


 კომფორტის ზონა

ამ ზონაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ყველაფერი ნაცნობი და ჩვეულია, არ გვჭირდება რისკზე წასვლა. აქ თავისუფლები ვართ სტრესისგან, ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც ვიცით;  აქ ყოფნა არ მოითხოვს დიდ ფიზიკურ ან ემოციონალურ ენერგიას. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, როგორც წესი დიდი ხნის წინ გვაქვს ნასწავლი; უკვე რუტინად არის გადაქცეული და ყოველგვარი გონებრივი დაძაბულობის გარეშე შეგვიძლია ამის კეთება. კომფორტული ზონა არის ადგილი, სადაც ვბრუნდებით  მოსადუნებლად, ძალების მოსაკრებად, და თვითჩაღრმავებისათვის.

თუმცა ამ სტადიაში დიდი ხნით დარჩენას აქვს თავისი საშიშროებები - აქ შეიძლება თავი ისე კომფორტულად ვიგრძნოთ, რომ რაიმეს შეცვლის სურვილი აღარც კი გვქონდეს და ჩვენთვის სრულიად შეუმჩნევლად აღმოვჩნდეთ ჭაობში იმის მაგივრად, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომფორტის ზონაში შესაძლებელი კია ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის მიღება, მაგრამ პიროვნული ფასეულობები, მრწამსი და დამოკიდებულებები არასოდეს დგება კითხის ნიშნის ქვეშ.

დაძაბულობის  ზონა

იმისათვის, რომ რაღაც ახალი ვისწავლოთ, საჭიროა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი გამოცდილების მიღება - საჭიროა დაძაბულობის ზონაში შესვლა. ამ დროს ადამიანი იწყებს საკუთარი და გარშემომყოფების ფასეულობებსა და ქმედებებზე ჩაფიქრებას და რეფლექსიას. მაგრამ საერთო ფონი ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად კომფორტულია. ძირითადი მამოძრავებელი ძალა აქ სიახლის ინტერესია.

შესაძლებელია ხანდახან თავი არაკომფორტულადაც იგრძნოთ, შეიძლება საკუთარ ძალებში ოდანვ ეჭვიც კი შეგეპაროთ. თუმცა თუ ამ ბარიერს გადალახავთ ის, რაც აქამდე უცნობი იყო, ნაცნობი გახდება და თქვენი კომფორტის ზონაც გაიზრდება.       

კრიზისის ზონა

თუ დაძაბულობის ზონაში ყოფნამ გარკვეულ საზღვარს მიაღწია, ადამიანი გადადის კრიზისის ზონაში. ამ დროს ხდება ადამიანისათვის მგრძნობიარე თემების წინწამოწევა; კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის, რასაც აქამდე უპირობოდ ღებულობდა; ხდება ფასეულობების გადახედვა. ამ ზონაში ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, მაგრამ თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, სწორედ ამ ზონაშია შესაძლებელი ახალი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

პანიკის ზონა

კრიზისიდან პანიკის ზონამდე უმნიშვნელო მანძილია. ეს არის ზონა, სადაც  იმის გაფიქრებაც კი, რომ "ამ კონკრეტული რაღაცის" გაკეთება მოგიწევთ, სულიერ წონასწორობას გაკარგვინებთ, გეუფლებათ შიში და გაქცევა/დამალვის სურვილი. ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ დავალებას/ამოცანას თავს ვერ გაართმევს და ჩაფლავდება. ასეთმა განწყობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქმედება, შიშისაგან ხელ-ფეხის შებოჭვა, და სასწრაფოდ კომფორტის ზონაში დაბრუნების სურვილი.

პანიკის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. არასაკმარისი კომპეტენცია, ანუ ის, რომ თუმცა ადამიანს  სიახლის მიღების სურვილი აქვს, ის გრძნობს რომ  საკმარისი ცოდნა არ გაგაჩნია. 2.  შესაძლებელია პანიკის ფაზაში შესვლა გამოიწვიოს იმ ქმედებამ, რომელიც ადამიანისათვის მორალურადაა მიუღებელი.

პანიკის ზონაში სწავლა შეუძლებელია, რადგან იგი შიშის მიერ არის დაბლოკილი. სწორედ ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როცა ხდება გადასვლა კომფორტის ზონიდან სასწავლო ზონაში - რისკის აღებისას ძალიან შორს არ უნდა გავიდეთ კომფორტის ზონიდან, რათა პირდაპირ პანიკის ზონაში არ აღმოვჩნდეთ, იმიტომ რომ აქ მთელი ჩვენი ენერგია შიშის მართვას და კონტროლს მოხმარდება.

როგორ განვსაზღვროთ რომელ ზონაში ვართ

ამ ზონების ზომა განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანებისა და სხვადასხვა სიტუაცებისათის - ჩვენ ყველას ჩვენთვის დამახასიათებელი კომფორტის, დაძაბულობის, კრიზისის თუ პანიკის ზონები გვაქვს. რადგან პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ დაძაბულობის, და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში -კრიზისის ზონაშიც, საჭიროა ვისწავლოთ როგორ მოვძებნოთ ეს ზონები.

შესაძლებელია, რომ კომფორტის ზონა სწავლების ზონად იქნეს მიჩნეული. მაგალითად: 1. როდესაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შემსწავლელი აღმოაჩენს, რომ მიუხედავად ბევრი პრაქტიკისა, უკეთესობა არ შეიმჩნევა, მიზეზი  ისაა, რომ მხოლოდ იმ ნაწარმოებებს ასრულებს, რომელიც უკვე იცის, ანუ საკუთარ კომფორტულ ზონას ვერ სცილდება და მხოლოდ იმეორებს ერთი და იგივეს. 2. როდესაც  მოვარჯიშე ვარჯიშისა და სრულად ჩართულობის ნაცვლად   მხოლოდ მოძრაობებს ასრულებს, ის წინ ვერ წაიწევს. 3. თუ შესასრულებელი დავალება მოსაწყენი ან ზედმეტად იოლია, ეს იმის მაჩვენებელია რომ არ ვართ სწავლის ზონაში.

მეორეს მხრივ, შესაძლებელია პანიკის ზონა მოგეჩვენოთ სწავლის ზონად. ზოგი ადამიანი უშვებს ამ შეცდომას იმის გამო, რომ ხშირად გაუგია: „ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტიაო“ და თვლის რომ აუცილებლად საჭიროა  ტკივილი და გაჭირვება  ახლის შესაძენად. თუ ცურვის შემსწავლელს დააკვირდებით, დაინახავთ რომ ხშირად სწავლის პროცესი პანიკის ზონაში იწყება და საჭიროა  მისი ნელ-ნელა სწავლის ზონაში გადმოყვანა, სანამ მოახერხებს და ისწავლის წყალზე ტივტივის უნარს. მიუხედავად იმისა რომ სწავლის და პანიკის ზონებს, ორივეს ახასიათებს ბარიერების გადალახვის და „ტკივილის“ განსაზღვრული ფორმა, პანიკის ზონა არის ადგილი, სადაც თავს დაკარგულად, გზააბნეულად ვგრძნობთ, სწავლის ზონაში კი შეგვიძლია ფოკუსირება და მზად ვართ ახალი იდეებისათვის.

აქედან გამომდინარე, თუ ვიცით, რომ მოწყენილობა კომფორტის ზონის ინდიკატორია, ხოლო ყურადღება გაფანტულობა ან წონასწორობის სრული დაკარგვა პანიკის ზონის მახასიათებლებია, ადვილი იქნება სწავლის ზონის განსაზღვრა. ეს ზონა ასევე შეიძლება განისაზღვროს როგორც ზრდის, ჩართულობის და ხალისის ზონა. არც მოწყენილები ვართ და არც აფორიაქებულები. იმის უნარი, რომ განსაზღვროთ რომელ ზონაში ხართ, დაგეხმარებათ კორექტივები შეიტანოთ თქვენს ქმედებებში და შეგნებულად აირჩიოთ სწავლის ზონა, რაც ნიშნავს მუდმივ პროგრესს და ზრდას.

სწავლის ზონაში შეგნებულად დარჩენა

ოთხივე ზონა მუდმივად გადადის ერთმანეთში და სწავლის ზონაში შეგნებულად დარჩენა საკმაოდ რთული ამოცანაა. როცა სწავლის ზონაში მოქმედებთ, თანდათან უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს ახლახანს შეძენილი უნარ-ჩვევებით, და ეს ნელ-ნელა კომფორტულ ზონაში გადაგანაცვლებთ. როცა ეს მოხდება, ის, რაც ადრე პანიკის ზონაში იყო, სწავლის ზონაში გადმოინაცვლებს და ციკლი გაგრძელდება.

ხდება ხოლმე, რომ ცხოვრება გამოწვევას გთავაზობთ, ერთვებით რაღაც პროექტში, რომელიც თქვენი სწავლის ზონის მიღმაა. ეს, როგორც წესი, პანიკის ზონაში გაგდებთ  და ცდილობთ მოძებნოთ გზა როგორ შეეჭიდოთ ამ ამოცანას. ამ დროს სასურველია შებრუნდეთ სწავლის ზონაში, შეაგროვოთ ინფორმაცია, იკითხოთ, გაესაუბროთ ექსპერტს. საბოლოო ჯამში ეს დაგეხმარებათ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც პროექტს პანიკის ზონიდან სწავლის ზონაში გადმოიყვანს, ხოლო რაღაც პერიოდის მერე კომფორტის ზონაშიც გადაინაცვლებს.

როგორ განვავითაროთ აღქმის პირველი პოზიცია

ეცადეთ გამოიყენოთ შემდეგი ტექნიკები და რჩევები:
  • ისწავლეთ როგორ იყოთ გაბედულები, მამაცები: ნებაყოფლობით ჩაიყენეთ თავი ისეთ სიტუაციაში, რომელსაც ადრე მოერიდებოდით; დასძლიეთ შიში მაგალითად სავარჯიშოთი - არასტანდარტული ქმედებები.
  • ყოველთვის იცოდეთ რა გინდათ და რატომ გინდათ ნებისმიერ კონკრეტულ მომენტში და სიტუაციაში. არ დაკმაყოფილდეთ ბანალური პასუხით: "ჩემთვის სულერთია". აღქმის პირველ პოზიციაში მყოფი ადამიანისათვის არ არის სულერთი - მან ყოველთვის იცის რა უნდა. თუ თავად არ იცით რა გინდათ, ძალიან მალე გამოჩნდებიან ისინი, ვინც თქვენს მაგივრად მიიღებენ ამ გადაწყვეტილებას და მშვენივრადაც დაგისაბუთებენ რა გინდათ და რატომ. ასე რომ დროზე ჩამოყალიბდით! დღის განმავლობაში დაუსვით ხოლმე ეს კითხვა საკუთარ თავს: " რა მინდა აი ეხლა, ამ მომენტში?" - და ჩამოაყალიბეთ თქვენი სურვილები.
  • აწარმოეთ წარმატების დღიური, ისწავლეთ საკუთარი თავის დანახვა პოზიტიური მხრიდან: ამოსავალ წერტილად აიღეთ საკუთარი ღისრსებები, საკუთარი ძლიერი მხარეები.
  • ჩამოიყალიბეთ დამოკიდებულება, რწმენა, რომელიც დაგეხმარებათ აღქმის პირველი პოზიციის გამომუშავებაში: "მე შემიძლია!"
  • მუშაობა სხეულთან: ამაყი თავისდაჭერა, ბუნებრივი (დაჭიმულობის გარეშე) სხეული.
  • შევქმნათ და შევინარჩუნოთ შინაგანი განწყობა "მე ვარ ჩემი ცხოვრების ბატონ-პატრონი!"
  • შეისწავლეთ თქვენი შეგრძნებები, ისწავლეთ თქვენი ემოციების მართვა.
  • ჩამოაყალიბეთ თქვენი მიზნები. გაერკვიეთ რა მისია გაქვთ დედამიწაზე, როგორი ცხოვრებისეული მიზნები გაქვთ ამ წლის მანძილზე, ამოცანები ამ თვეში და კონკრეტულად დღეს, თქვენი ინტერესები და ამოცანები კონკრეტულ სიტუაციაში.
მოდით ჩამოვყვეთ რიგრიგობით და ვნახოთ რა და როგორ შეიძლება გაკეთდეს.

გამბედაობა, სიმამაცე

გამბედაობა, სიმამაცე არის ენერგია და საკუთარი ძალების რწმენა რომ ვაკეთოთ ის, რასაც საჭიროდ ვთვლით მიუხედავად შიშისა ან შიშის უქონლობისა. გაბედულება არ ნიშნავს შიშის არქონას. გაბედულება, სიმამაცე არის უნარი დავდგეთ შიშზე მაღლა: შიში შეიძლება გვქონდეს და ხშირად ეს ინსტიქტური რეაქციაა. გაბედულება იმას ნიშნავს, რომ გვაქვს უნარი მოვერიოთ საკუთარ შიშს.


ხანდახან გაბედულს მხოლოდ იღბლიანობა თუ გადაარჩენს  განსაცდელისაგან. თავი აარიდეთ ასეთ სიტუაციებს.
    ფილმი "Меч в камне"


გამბედაობის ანტონიმია სიმხდალე - ემოციონალური თავშეკავებულობა, სიფრთხილე, სოციალური პასიურობა, გადაჭარბებული მგრძნობელობა საფრთხის მიმართ.

არასტანდარტული ქმედებები






იაპონიაში მენეჯერების მომზადების პროგრამაში გამოჩნდა პირველად "არასტანდარტული ქმედებების" სავარჯიშო - ქალაქში მოსეირნე ტურისტებს შეეძლოთ ეხილათ საქმიანად ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებიც უცებ იწყებდნენ ლექსების დეკლამირებას ან სიმღერას. ეს სავარჯიშო ავითარებს საკუთარი თავის რწმენას, გარშემომყოფების აზრზე დამოკიდებულების მოხსნას.

ბევრი ადამიანისათვის შეფასებითი დამოკიდებულება სერიოზული შინაგანი წინაღობაა. გავთავისუფლდეთ იმაზე  ნერვიულობისაგან, თუ რას ფიქრობენ ჩვენზე გარშემომყოფები - ღირსეული ამოცანაა. შინაგანი თავისუფლება - ეს არის ქცევის ბუნებრიობა და სიმსუბუქე, ადამიანის უნარი მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება და საჭიროების შემთხვევაში იგნორირება გაუკეთოს გარშემომყოფთა მოსაზრებებს. როგორ გამოვიმუშავოთ გარესამყაროს კონტროლისაგან ასეთი "დამცავი მექანიზმი"?

ერთ-ერთი ხერხია დაიწყოთ ვარჯიში არასტანდარტულ ქმედებებში. ეს სავარჯიშო იმაში მდგომარეობს, რომ გააკეთოთ თქვენთვის უჩვეულო და გარშემომყოფებისათვის არასტანდარტული ქმედებები. ბუნებრივია ამან არავის არ უნდა მოუტანოს ზიანი, შეიძლება იყოს სასარგებლო, კეთილი - მაგრამ მთავარია, რომ თქვენ ჩვეულებრივ ასეთ რამეს არასოდეს არ აკეთებთ! რა თქმა უნდა თავიდან შეგრცხვებათ, უხერხულობის განცდა გექნებათ.
არასტანდარტული ქმედებების სავარჯიშო ამუშავებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა მოსაზრებებთან და რწმენებთან (რომლებიც გვბოჭავს) შიშები, კომფორტის ზონიდან გამოსვლის უნარი, გამბედაობის გავარჯიშება.
კიდევ უფრო რთულია არა მხოლოდ იმის წინააღმდეგ წასვლა, რასაც თქვენთვის ჩეულად მიიჩნევთ, არამედ გარშემომყოფთა მოლოდინის წინააღმდეგაც; თუ თქვენი მოქმედება შაბლონში არ ჯდება, უცნაურია, მოულოდნელი, გაუგებარი - ანუ ისეთი, როგორსაც ნორმალური ადამიანები (ანუ ადამიანები, ვინც ნორმებში, სტანდარტებში, ჩარჩოებში ჯდებიან) არასოდს არ აკეთებენ.
ფსიქოთერაპიაში ასეთ პრაქტიკებს ეწოდება:  "კონფრონტაციის ტექნიკა მშფოთვარე რეაქციების ჩახშობის ფონზე (exposure/response prevention).
იმისათვის, რომ თავი დავაღწიოთ გარშემომყოფების მოსაზრებაზე ბავშვურ დამოკიდბულებას, მოიფიქრეთ და ისწავლეთ არასტანდარტული ქმედებების განხორციელება, მაგრამ არა ძალდატანებით, არამედ შინაგანი ენთუზიაზმით, თავისუფლებისა და სიხალისის განცდით :)

კონკრეტულად რა შეიძლება გააკეთოთ? ყველაფერი, რაც გამოდის თქვენი კომფორტის საზღვრებს გარეთ და რაზე გაფიქრებაც კი შეიძლება გზარავდეთ - ბუნებრივია სამოქალაქო კანონები არ უნდა დაარღვიოთ, საკუთარი თავი ან გარშემომყოფები არ უნდა ჩააყენოთ საფრთხეში და უპატივცემულოდ არ უნდა მოეპყრათ არავის.

თუ მარტოს გიჭირთ სავარჯიშოს შესრულება, დასაწყისში სჯობს მეგობრებთან ერთად გააკეთოთ. ერთად უფრო იმხიარულებთ კიდეც და ისეც აღარ შეგეშინდებათ.
ბუნებრივია არ უნდა გააკეთოთ ისეთი რამ, რამაც შესაძლოა დაძაბულობა გამოიწვიოს ოჯახში ან რაიმე უსიამოვნება შეგექმნათ სამსახურში. არ ეცადოთ არასტანდარტული ქმედებები გამოსცადოთ პოლიციელებზე, მეზობლებსა და კოლეგებზე. გაითვალისწინეთ, რომ არასტანდარტული ქმედებების ტრენინგი არ არის პრაქტიკუმი ხულიგნობაში და არ არის საჭირო გარშემომყოფების ნერვებზე თამაში. და ნუ გადააქცევთ ამ სასწავლო პროცესს უბრალო გართობად: თუ გრძნობთ რომ შემბოჭავი მარწუხებიდან უკვე გათავისუფლდით - გამოდით სავარჯიშოდან და გადადით საქმეზე.

უბრალო სავარჯიშოები

  • შეცვალეთ ჩვეული წვრილმანები. სამსახურში სხვა გზით წადით, შეცვალეთ ჩვეული დღის განრიგი ან შედით იმ მაღაზიაში კი არა, რომელშიც ჩვეულებრივ შედიხართ ხოლმე, არამედ სხვა, ქუჩის მეორე მხარეს, იყიდეთ თქვენთვის უჩვეულო პროდუქტები.

  • გაიცანით ვინმე. ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლის ძალიან კარგი ხერხია. არა აქვს მნიშვნელობა სად და როგორ, მთავარია რომ ადამიანი თქვენთვის უცნობი იყოს.

  • მოძებნეთ რაიმე კურსები ან ტრენინგები, კლუბები, რომლებიც დიდი ხანია გაინტერესებთ, მაგრამ რიგი მიზეზების გამო ფეხს ითრევდით - მიდით და ჩაეწერეთ.


  • ისწავლეთ რაღაც ახალი, რაც ყოველთვის გინდოდათ რომ გესწავლათ. გიტარაზე ან ჩონგურზე დაკვრა, ხის კვეთა, ცხობა, მებაღეობა.... - ყველაფერი ეს დაგეხმარებათ გაიფართოვოთ კომფორტის ზონა.

  • წაიკითხეთ თქვენთვის უჩვეულო ჟანრის წიგნი, ნახეთ ფილმი ან მოუსმინეთ მუსიკას, რომელსაც ადრე არ ნახავდით და არ მოუსმენდით. გიყვართ როკი? მოუსმინეთ ჯაზს. გიყვართ მელოდრამა - ნახეთ ტრილერი. გიყვართ პროზა - წაიკითხეთ პოეზია.
  •  დაუგეგმავად გაემგზავრეთ სადმე. არაფერი არ დაგეგმოთ წინასწარ, ყველაფერი სპონტანურად უნდა ხდებოდეს. ნამდვილად მიიღებთ უამრავ შთაბეჭდილებას და გაზრდით თქვენი კომფორტის ზონას.

  • წადით სადმე თქვენთვის უჩვეულო ადგილას. უცნობ რესტორანში და გასინჯეთ თქვენთვის უცნაური კერძები.

  • უჩვეულოდ ჩაიცვით. უცნაური ფასონი, ფერი, ახალი სტილი.

  • გადააადგილეთ ავეჯი.ახალი თვალით შეხედეთ თქვენს ოთახს და ეცადეთ პატარა ცვლილებები მაინც შეიტანოთ.
  • ჩაჯექით უცნობ მარშრუტკაში ან ავტობსუში და გაემგზავრეთ უცნობი მიმართულებით.



რთული სავარჯიშოები

გთავაზობთ კომენტარების სახით თავად ჩამოყაროთ ასეთი სავარჯიშოები :)



ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
პირველი - ჩემი ინტერესები
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მესამე - ობიექტურობა
მეოთხე - სისტემური ხედვა
მეხუთე - ანგელოზი
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.