Friday, March 22, 2013

ჯოჰარის ფანჯარა


მოდელის შესახებ

ჯოჰარის ფანჯარა კომუნიკაციის მოდელია, რომელიც გამოიყენება ადამიანებს შორის ურთიერთგაგების გასაუმჯობესებლად. სიტყვა "ჯოჰარი" შექმნილია ამ მოდელის დამაარსებლების - ჯოზეფ ლუფტისა და ჰერი ინგჰემის სახელებიდან. მათ ეს მოდელი 1955 წელს შეიმუშავეს.
ორი საკვანძო იდეაა ამ მოდელში ჩადებული:
  1. თქვენ შეგიძლიათ ნდობის ატმოსფერო შექმნათ და გააძლიეროთ თქვენს გარშემომყოფებთან საკუთარ თავზე ინფორმაციის გაზიარებით.
  2. გარშემომყოფებისაგან უკუკავშირის მიღების შედეგად შეგიძლიათ უკეთ შეისწავლოთ საკუთარი თავი და უფრო ეფექტური გახადოთ თქვენი პიროვნული განვითარება.


ჯოჰარის ფანჯარა მოცემულია  ოთხ ნაწილად  დაყოფილი კვადრატის სახით. 







ეს ოთხი კვადრატი გამოხატავს შემდეგს:

1. ღია ზონა (არენა) 

ეს კვადრატი გამოხატავს იმას, რაც თქვენ უკვე იცით საკუთარი თავის შესახებ და ამის შესახებ გარშემომყოფებმაც იციან. ეს შეიძლება იყოს თქვენი ქმედებები, ცოდნა, უნარ-ჩვევები, დამოკიდებულებები და "საზოგადოებრივი" (საზოგადოებისათვის ცნობილი) ისტორია.

2. ბრმა ზონა

ეს კვადრატი თქვენს შესახებ გამოხატავს იმას, რასაც თავად ვერ ხედავთ, ვერ აფიქსირებთ, არ იცით, მაგრამ ამას სხვები ხედავენ და სხვებმა იციან; ეს შეიძლება იყოს უბრალოდ ინფორმაცია (რომელიც თქვენ არ იცით) ან ეს შეიძლება ეხებოდეს სიღრმისეულ საკითხებს (მაგალითად არასრულფასოვნების კომპლექსი ან მიუღებლობა), რომელთათვისაც თვალის გასწორება ადამიანებს, როგორც წესი, უჭირთ, სხვები კი ამას ადვილად აფიქსირებენ.

3. ფარული ზონა

ამ კვადრატში შედის ის, რაც თქვენ იცით თქვენს შესახებ, მაგრამ ამას სხვებს არ უზიარებთ და სააშკარაოზე არ გამოგაქვთ.

4. უცნობი ზონა

ეს ბოლო კვადრატი შეიცავს იმას, რაც არც თქვენ იცით და ხედავთ და არც გარშემომყოფებმა იციან ან ხედავენ თქვენს შესახებ.

მიზანი

ჯოჰარის ფანჯრის მიზანი-დანიშნულებაა ღია ზონის (არენის) გაზრდა ისე, რომ არ მოხდეს ზედმეტად ინტიმური ინფორმაციის გამოაშკარავება. ღია ზონა ყველაზე მნიშვნელოვანი კვადრატია, რამეთუ რაც მეტი იციან ადამიანებმა თავიანთი გარშემომყოფების შესახებ ზოგადად, მით უფრო ეფექტური და პროდუქტიული ხდება ერთობლივი მუშაობა.

ღია ზონის გაზრდის პროცესს ეწოდება "თვითგახსნა" (self-disclosure ) და ეს მთლიანად თქვენზე დამოკიდებული პროცესია. თქვენ განსაზღვრავთ რა და რამდენი გაუზიაროთ იმ ადამიანებს, ვისთანაც ურთიერთობაში იმყოფებით.

როცა საკუთარი თავის შესახებ ინფორმაციას აზიარებთ, თქვენი ღია ზონა ვერტიკალურად იზრდება (სიმაღლეში) და თქვენი ფარული ზონა მცირდება. როცა გარშემომყოფები უკუკავშირს გაძლევენ იმაზე, თუ რას ხედავენ და რა იციან თქვენს შესახებ, თქვენი ღია ზონა ფართოვდება ჰორიზონტალურად და ბრმა ზონა მცირდება.

თუ გააზრებულად და კორექტულად ხორციელდება ეს გაცემ-მიღების პროცესი, გაზიარება და ღია კომუნიკაცია - ამ დროს გუნდში იქმნება და ძლიერდება ნდობის ატმოსფერო.

იმ ადამიანებთან, რომელთაც დიდი ზომის ღია ზონა აქვთ, ადვილია ურთიერთობაში შესვლა და საუბარი. ისინი ღიად და გახსნილად ურთიერთობენ და, როგორც წესი, კარგი გუნდური მოთამაშეები არიან. იმ ადამიანებთან საუბარი კი, ვისაც მცირე ზომის ღია ზონა აქვს, რთულია, რამეთუ დახურულები  და არაკომუნიკაბელურები არიან. როგორც წესი, ასეთ ადამიანებს უჭირთ სხვებთან თანამშრომლობა, იმიტომ რომ  ისინი ადამიანებს არ ენდობიან.

ზოგს შეიძლება ძალიან დიდი "ბრმა ზონა" ჰქონდეს, სადაც უამრავი საკითხია, რომელიც მათ ჯერ არ შეუსწავლიათ და რისთვისაც თვალი ჯერ არ გაუსწორებიათ. თუმცა გარშემომყოფები ამ პრობლემებს შეიძლება "შეუიარაღებელი" თვალითაც კი ხედავდნენ. ამ ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ დაბალი თვითშეფასება და ძლიერი ნეგატიური ემოციებიც კი იმ ადამიანების მიმართ, ვისთანაც უწევთ მუშაობა.

ამ ტექნიკის გამოყენება

იმისათვის, რომ გაზარდოთ თქვენი "ღია ზონა" საჭიროა თვითგახსნა. უბრალოდ რომ ვთქვათ, რაც მეტად და გულწრფელად გაიხსნებით და ისაუბრებთ თქვენს ფიქრებზე, შეგრძნებებზე, ოცნებებზე და მიზნებზე, მით უფრო მეტად შესძლებთ ნდობის ატმოსფეროს შექმნა-გაძლიერებას თქვენს გუნდში.
რჩევა:
თავი შეიკავეთ ზედმეტად ინტიმური დეტალების სააშკარაოზე გამოტანისაგან.
მეორე მნიშვნელოვანი ასპექტი "ღია ზონის" გასაფართოვებლად არის თქვენი თანაგუნდელებისაგან უკუკავშირის მიღება. ეს დაგეხმარებათ დაინახოთ ის, რასაც ისინი ხედავენ, მაგრამ თქვენ ვერა. ეს ხელს შეუწყობს თქვენს პიროვნულ ზრდას.
რჩევა:
ფრთხილად იყავით, როცა უკუკავშირს გასცემთ. ზოგიერთ კულტურაში ძალიან პირდაპირი და უცერემონიო უკუკავშირის გაცემა იციან, მაგრამ ყველგან ასე არ არის. შეიძლება გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოთ ურთიერთობებს, თუ უკუკავშირს მისცემთ ადამიანს, რომელსაც ეს არ უთხოვია ან ასეთ ფორმას შეჩვეული არ არის. იყავით ყურადღებიანი და დაიწყეთ მცირედიდან.



რამდენიმე ბმული ამ თემით დაინტერესებულთათვის
- მაიკო სვანიძის ბლოგ

მედიაპედია

აქ კი ნახავთ ჯოჰარის ფანჯრის ინტერაქტიულ მოდელს (ინგლისურ ენაზე). შეგიძლიათ შეავსოთ, გადაუგზავნოთ თქვენს ახლობლებს და ნახოთ თუ როგორ გხედავენ ისინი და რა თვისებებით დაგახასიათებენ.

2 comments:

  1. ქეთი, შემთხვევით მოვხვდი თქვენს ბლოგზე, მოხიბლული ვარ. ბევრ ჩემთვის საინტერესო კითხვაზე ვიპოვე პასუხი. თხოვნა მაქვს, თუ გაქვთ რაიმე მასალა ვიქტორ ფრანკლინზე, იქნებ ლინკი მომცეთ. ქართულად ვერსად ვერაფერი ვერ ვიპოვე. წინასწარ დიდი მადლობა.

    ReplyDelete
    Replies
    1. გამარჯობა მანანა :) დიდი ბოდიში რომ ასეთი დაგვიანებით გპასუხობ - აქამდე არც კი შევსულვარ ჩემს ბლოგზე, დიდი ხანია პიროვნული განვითარების ტრენინგი არ ჩამიტარება და ეხლა ვიწყებთ ისევ. ამ ბლოგს კი თეორიული მასალის გასაზიარებლად ვიყენებ ხოლმე ჯგუფის მონაწილეებისათვის.
      მიხარია რომ ვიქტორ ფრანკლი გაინტერესებს. ჩემი ერთ-ერთი მისაბაძი მაგალითია. აი რამდენიმე ბმული

      ვიქტორ ფრანკლი მოტივაციასა და შეფასებაზე - http://iteacher2014.blogspot.com/2014/06/blog-post.html

      აი ბმული FB-ზე დადებული პოსტისთვის ფრანკლის შესახებ - https://www.facebook.com/Psychol0gy/posts/519717081467370

      აი ჯერ ეს იყოს და მე ალბათ აუცილებლად მოვამზადებ ერთ პოსტს რომელიც ვიქტორ ფრანკლს მიეძღვნება :)
      იმედია როდესმე ჩვენს ტრნინგებზეც გიხილავთ მანანა. აბა, წარმატებები

      Delete