Monday, March 25, 2013

ზონების თეორია - კომფორტის, დაძაბულობის, კრიზისისა და პანიკის ზონები


გაიხსენეთ რა რეაქცია გაქვთ ხოლმე, როდესაც  რაიმე ისეთის გაკეთებას შემოგთავაზებენ, რაც აქამდე არ გაგიკეთებიათ. როგორც წესი ამ დროს ოთხიდან ერთ-ერთ პოზიციაზე აღმოჩნდებით: 1. შეიძლება ფიქრობთ- „რა პრობლემაა. ბუნებრივია, ვცდი. საკმაოდ იოლი ჩანს“;  2.  ოდნავ აღელდებით, მაგრამ სასიამოვნო და საინტერესო სიახლის მოლოდინი დაგეუფლებათ; 3.მღელვარების დონე საკმაოდ მაღალია და გრძნობთ, რომ ის რაც აქამდე იცოდით და რისიც გჯეროდათ, კითხვის ნიშნის ქვეშ არის დაყენებული; და ბოლოს 4. მღელვარება გადადის შიშში;  ამ შესაძლო სიახლეზე ფიქრითაც კი "წნევა გიწევთ" და პანიკაში ვარდებით.

აქ მოყვანილი ოთხი რეაქცია ზოგადად აღწერილია, როგორც ზონების თეორია - ზონები, რომლებიც ადამიანებმა შეიძლება გაიარონ სასწავლო პროცესის სხვადასხვა ეტაპებზე. ესენია: 1. კომფორტის ზონა; 2. დაძაბულობის  ზონა  3. კრიზისის ზონა და 4. პანიკის ზონა. პიროვნული ზრდა-განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისათვის ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დაგეხმარებათ გაერკვეთ ამა თუ იმ მომენტში სად ხართ და რა ხდება თქვენს თავს :)
ქვემოთ მოყვანილ სურათზე მხოლოდ სამი ზონაა ნაჩვენები (სამწუხაროდ ამ სიჩქარეში ვერ მოვნახე ოთხზონიანი სქემა). ამ შემთხვევაში კრიზისის ზონა შეგვიძლია განვიხილოთ როგორც ზღვარი დძაბულობისა და პანიკის ზონას შორის.


 


 კომფორტის ზონა

ამ ზონაში თავს კომფორტულად ვგრძნობთ, ყველაფერი ნაცნობი და ჩვეულია, არ გვჭირდება რისკზე წასვლა. აქ თავისუფლები ვართ სტრესისგან, ვაკეთებთ იმას, რისი კეთებაც ვიცით;  აქ ყოფნა არ მოითხოვს დიდ ფიზიკურ ან ემოციონალურ ენერგიას. ყველაფერი, რასაც აქ ვაკეთებთ, როგორც წესი დიდი ხნის წინ გვაქვს ნასწავლი; უკვე რუტინად არის გადაქცეული და ყოველგვარი გონებრივი დაძაბულობის გარეშე შეგვიძლია ამის კეთება. კომფორტული ზონა არის ადგილი, სადაც ვბრუნდებით  მოსადუნებლად, ძალების მოსაკრებად, და თვითჩაღრმავებისათვის.

თუმცა ამ სტადიაში დიდი ხნით დარჩენას აქვს თავისი საშიშროებები - აქ შეიძლება თავი ისე კომფორტულად ვიგრძნოთ, რომ რაიმეს შეცვლის სურვილი აღარც კი გვქონდეს და ჩვენთვის სრულიად შეუმჩნევლად აღმოვჩნდეთ ჭაობში იმის მაგივრად, რომ განვვითარდეთ და გავიზარდოთ. ამის მთავარი მიზეზი არის ის, რომ კომფორტის ზონაში შესაძლებელი კია ახალი გამოცდილების, ახალი ცოდნის მიღება, მაგრამ პიროვნული ფასეულობები, მრწამსი და დამოკიდებულებები არასოდეს დგება კითხის ნიშნის ქვეშ.

დაძაბულობის  ზონა

იმისათვის, რომ რაღაც ახალი ვისწავლოთ, საჭიროა კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ახალი გამოცდილების მიღება - საჭიროა დაძაბულობის ზონაში შესვლა. ამ დროს ადამიანი იწყებს საკუთარი და გარშემომყოფების ფასეულობებსა და ქმედებებზე ჩაფიქრებას და რეფლექსიას. მაგრამ საერთო ფონი ჯერ კიდევ მეტ-ნაკლებად კომფორტულია. ძირითადი მამოძრავებელი ძალა აქ სიახლის ინტერესია.

შესაძლებელია ხანდახან თავი არაკომფორტულადაც იგრძნოთ, შეიძლება საკუთარ ძალებში ოდანვ ეჭვიც კი შეგეპაროთ. თუმცა თუ ამ ბარიერს გადალახავთ ის, რაც აქამდე უცნობი იყო, ნაცნობი გახდება და თქვენი კომფორტის ზონაც გაიზრდება.       

კრიზისის ზონა

თუ დაძაბულობის ზონაში ყოფნამ გარკვეულ საზღვარს მიაღწია, ადამიანი გადადის კრიზისის ზონაში. ამ დროს ხდება ადამიანისათვის მგრძნობიარე თემების წინწამოწევა; კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება დადგეს ის, რასაც აქამდე უპირობოდ ღებულობდა; ხდება ფასეულობების გადახედვა. ამ ზონაში ადამიანები თავს დაუცველად გრძნობენ, მაგრამ თუ პროცესი კონსტრუქციულად წარიმართა, სწორედ ამ ზონაშია შესაძლებელი ახალი ფასეულობებისა და დამოკიდებულებების ჩამოყალიბება.

პანიკის ზონა

კრიზისიდან პანიკის ზონამდე უმნიშვნელო მანძილია. ეს არის ზონა, სადაც  იმის გაფიქრებაც კი, რომ "ამ კონკრეტული რაღაცის" გაკეთება მოგიწევთ, სულიერ წონასწორობას გაკარგვინებთ, გეუფლებათ შიში და გაქცევა/დამალვის სურვილი. ამ დროს ადამიანი დარწმუნებულია, რომ დავალებას/ამოცანას თავს ვერ გაართმევს და ჩაფლავდება. ასეთმა განწყობამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქმედება, შიშისაგან ხელ-ფეხის შებოჭვა, და სასწრაფოდ კომფორტის ზონაში დაბრუნების სურვილი.

პანიკის მიზეზი შეიძლება იყოს: 1. არასაკმარისი კომპეტენცია, ანუ ის, რომ თუმცა ადამიანს  სიახლის მიღების სურვილი აქვს, ის გრძნობს რომ  საკმარისი ცოდნა არ გაგაჩნია. 2.  შესაძლებელია პანიკის ფაზაში შესვლა გამოიწვიოს იმ ქმედებამ, რომელიც ადამიანისათვის მორალურადაა მიუღებელი.

პანიკის ზონაში სწავლა შეუძლებელია, რადგან იგი შიშის მიერ არის დაბლოკილი. სწორედ ამიტომ სიფრთხილეა საჭირო, როცა ხდება გადასვლა კომფორტის ზონიდან სასწავლო ზონაში - რისკის აღებისას ძალიან შორს არ უნდა გავიდეთ კომფორტის ზონიდან, რათა პირდაპირ პანიკის ზონაში არ აღმოვჩნდეთ, იმიტომ რომ აქ მთელი ჩვენი ენერგია შიშის მართვას და კონტროლს მოხმარდება.

როგორ განვსაზღვროთ რომელ ზონაში ვართ

ამ ზონების ზომა განსხვავებულია სხვადასხვა ადამიანებისა და სხვადასხვა სიტუაცებისათის - ჩვენ ყველას ჩვენთვის დამახასიათებელი კომფორტის, დაძაბულობის, კრიზისის თუ პანიკის ზონები გვაქვს. რადგან პროგრესი შესაძლებელია მხოლოდ დაძაბულობის, და სწორი დაგეგმვის შემთხვევაში -კრიზისის ზონაშიც, საჭიროა ვისწავლოთ როგორ მოვძებნოთ ეს ზონები.

შესაძლებელია, რომ კომფორტის ზონა სწავლების ზონად იქნეს მიჩნეული. მაგალითად: 1. როდესაც მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრის შემსწავლელი აღმოაჩენს, რომ მიუხედავად ბევრი პრაქტიკისა, უკეთესობა არ შეიმჩნევა, მიზეზი  ისაა, რომ მხოლოდ იმ ნაწარმოებებს ასრულებს, რომელიც უკვე იცის, ანუ საკუთარ კომფორტულ ზონას ვერ სცილდება და მხოლოდ იმეორებს ერთი და იგივეს. 2. როდესაც  მოვარჯიშე ვარჯიშისა და სრულად ჩართულობის ნაცვლად   მხოლოდ მოძრაობებს ასრულებს, ის წინ ვერ წაიწევს. 3. თუ შესასრულებელი დავალება მოსაწყენი ან ზედმეტად იოლია, ეს იმის მაჩვენებელია რომ არ ვართ სწავლის ზონაში.

მეორეს მხრივ, შესაძლებელია პანიკის ზონა მოგეჩვენოთ სწავლის ზონად. ზოგი ადამიანი უშვებს ამ შეცდომას იმის გამო, რომ ხშირად გაუგია: „ვარდი უეკლოდ ვის მოუწყვეტიაო“ და თვლის რომ აუცილებლად საჭიროა  ტკივილი და გაჭირვება  ახლის შესაძენად. თუ ცურვის შემსწავლელს დააკვირდებით, დაინახავთ რომ ხშირად სწავლის პროცესი პანიკის ზონაში იწყება და საჭიროა  მისი ნელ-ნელა სწავლის ზონაში გადმოყვანა, სანამ მოახერხებს და ისწავლის წყალზე ტივტივის უნარს. მიუხედავად იმისა რომ სწავლის და პანიკის ზონებს, ორივეს ახასიათებს ბარიერების გადალახვის და „ტკივილის“ განსაზღვრული ფორმა, პანიკის ზონა არის ადგილი, სადაც თავს დაკარგულად, გზააბნეულად ვგრძნობთ, სწავლის ზონაში კი შეგვიძლია ფოკუსირება და მზად ვართ ახალი იდეებისათვის.

აქედან გამომდინარე, თუ ვიცით, რომ მოწყენილობა კომფორტის ზონის ინდიკატორია, ხოლო ყურადღება გაფანტულობა ან წონასწორობის სრული დაკარგვა პანიკის ზონის მახასიათებლებია, ადვილი იქნება სწავლის ზონის განსაზღვრა. ეს ზონა ასევე შეიძლება განისაზღვროს როგორც ზრდის, ჩართულობის და ხალისის ზონა. არც მოწყენილები ვართ და არც აფორიაქებულები. იმის უნარი, რომ განსაზღვროთ რომელ ზონაში ხართ, დაგეხმარებათ კორექტივები შეიტანოთ თქვენს ქმედებებში და შეგნებულად აირჩიოთ სწავლის ზონა, რაც ნიშნავს მუდმივ პროგრესს და ზრდას.

სწავლის ზონაში შეგნებულად დარჩენა

ოთხივე ზონა მუდმივად გადადის ერთმანეთში და სწავლის ზონაში შეგნებულად დარჩენა საკმაოდ რთული ამოცანაა. როცა სწავლის ზონაში მოქმედებთ, თანდათან უფრო კომფორტულად იგრძნობთ თავს ახლახანს შეძენილი უნარ-ჩვევებით, და ეს ნელ-ნელა კომფორტულ ზონაში გადაგანაცვლებთ. როცა ეს მოხდება, ის, რაც ადრე პანიკის ზონაში იყო, სწავლის ზონაში გადმოინაცვლებს და ციკლი გაგრძელდება.

ხდება ხოლმე, რომ ცხოვრება გამოწვევას გთავაზობთ, ერთვებით რაღაც პროექტში, რომელიც თქვენი სწავლის ზონის მიღმაა. ეს, როგორც წესი, პანიკის ზონაში გაგდებთ  და ცდილობთ მოძებნოთ გზა როგორ შეეჭიდოთ ამ ამოცანას. ამ დროს სასურველია შებრუნდეთ სწავლის ზონაში, შეაგროვოთ ინფორმაცია, იკითხოთ, გაესაუბროთ ექსპერტს. საბოლოო ჯამში ეს დაგეხმარებათ ახალი უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რაც პროექტს პანიკის ზონიდან სწავლის ზონაში გადმოიყვანს, ხოლო რაღაც პერიოდის მერე კომფორტის ზონაშიც გადაინაცვლებს.

No comments:

Post a Comment