Saturday, March 23, 2013

აღქმის პირველი პოზიცია

აღქმის პირველი პოზიცია არის ადამიანის მიერ სიტუაციის და ყველაფრის, რაც მის გარშემო ხდება, საკუთარი პოზიციიდან დანახვა. ამ დროს ადამიანი სამყაროს საკუთარი მსოფლმხედველობის პრიზმიდან ხედავს და მოქმედებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. პირველი პოზიცია არის "მე"-ს პოზიცია.
როცა ცნობილ ექსპერიმენტში გარშემომყოფთა "წნეხის" მიუხედავად ("ორივე პირამიდა თეთრია"), ბავშვი მაინც აცხადებს, რომ  "ეს პირამიდა თეთრია, ეს კი - შავი!", ეს მისი პირველი პოზიციის გამომჟღავნებაა. ამ ბიჭუნას აქვს საკუთარი ხედვა და მოვლენების მისეული აღქმა.


ეს თეთრი პირამიდაა, ეს კი - შავი!

ფილმი «Я и другие»

გადმოწერე ვიდეო


პირველი პოზიცია შეიძლება  შეგნებული არჩევანის შედეგი იყოს (შინაგანი დიალოგი: "დაფიქრდი! გაიხსენე რა გინდოდა!"), შეიძლება ჩვევის შედეგი იყოს, რომელიც იმპულსურად ირთვება და ავტომატურად მუშაობს (ამა თუ იმ ყალიბის მიხედვით, რომელიც ხან უადგილოა, ხან კი - ზედგამოჭრილი...)


"მე მგონია, რომ ყველგან და ყოველთვის მახსოვს ჩემი გეგმები, იმიტომ, რომ ყოველთვის ასე ვაკეთებ; იმიტომ, რომ ეს ჩემი ჩვევაა." ან "ფეხებზე მკიდია შენი ინტერესები, იმიტომ, რომ დავიღალე და დასვენება მინდა!"
ადამიანის ცნობიერება მრავალშრიანია: პირველი პოზიცია შეიძლება  თავად ჩაირთოს, ან შეიძლება ნულოვანი პოზიციიდან ამოიზარდოს.

პირველი პოზიცია და ნულოვანი პოზიცია

განსხვავება ნულოვანსა და პირველ პოზიციას შორის ის კი არ არის, რომ პირველში არ გვხვდება ავტომატიზმი და შაბლონები - ეს ყველაფერი პირველ პოზიციაში არის ან შეიძლება რომ იყოს. განსხვავება აქ შაბლონების და ავტომატიზმის მიმართულება და განლაგებაა. ყველაფერს განსაზღვრავს ის, თუ ვინ არის ნულოვანის ავტორი და ვინ არის პირველი პოზიციის ავტორი, როგორია ჩვენი გარემოცვა და ვის წარმოადგენს ის პიროვნება, რომელსაც "მე"-ს ვუწოდებთ. 



როგორ განვსაზღვროთ რომელ პოზიციაშია ადამიანი?

საკმაოდ რთუალია განსაზღვრო რომელ პოზიციაშია ადამიანი - ნულოვანში თუ პირველში  მხოლოდ გვერდიდან დაკვირვების ხარჯზე.
ბევრი მწეველი იმიტომ კი არ ეწევა, რომ ამისაგან სიამოვნება მიიღოს,  ხშირად ავტომატურად უკიდებენ, ავტომატურად ეწევიან ისე, რომ საერთოდ არ იაზრებენ რას აკეთებენ. 
მოდით ვნახოთ ასეთი სიტუაცია: სალომესათვის ყოველი დილა იწყება ჭიქა ყავით. სამყაროს მისეულ ხედვაში ყავა სიხარულის და სიამოვნების მომტანია და  ბუნებრივია მას ეს ყავა ძალიან უნდა. ამიტომაც ყოველ დილით ყავის დალევა შეიძლება პირველი პოზიციის გამოვლენად ჩავთვალოთ. მეორეს მხრივ, ბუნებრივია, ვერ დავიჯერებთ, რომ ყოველ ჯერზე ყავას გააზრებულად სვამს და ჩაღრმავებულ სიამოვნებას განიცდის- ეს ჩვევა უფროა; ამ ქმედებას თავად სალომე კი არა, მისი სხეულის ავტომატური ჩვევა მართავს. რაც უფრო მეტად გადავა მისი ეს ქმდება გაუაზრებელ ჩვევაში, მით უფრო მეტად იქნება ეს ნულოვანი პოზიცია.


ცხოვრებისეული გზა ნულოვანი და პირველი პოზიციებიდან

შეიძლება ადამიანმა საკუთარი ჭკუით, საკუთარი შეხედულებებისამებრ იცხოვროს, თუმცა შესაძლებელია ეს მისთვის რთული აღმოჩნდეს და ერჩიოს ისე იცხოვროს, როგორც სხვები ცხოვრობენ, იმ წესებს დაემორჩილოს, რასაც გარესამყარო ემორჩილება. როგორ ჯობს, რომელია უფრო სწორი გზა?
ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის ეს კონკრეტული ადამიანი და როგორია მისი კონკრეტული გარემოცვა. როგორი ფასეულობები აქვს, პიროვნული განვითარების რა სტადიაზეა, როგორ საზოგადოებაში ცხოვრობს?
თუ ეს ბარონ მიუნჰაუზენია მარკ ზახაროვის ფილმიდან "Тот самый Мюнхгаузен", მიუხედავად ბარონის "უცნაური" ხასიათისა, იგი გაცილებით მაღლა დგას, ვიდრე მისი გარემოცვა და მისთვის საკუთარ თავზე უარის თქმა პიროვნული ტრაგედია და სიკვდილია.
თუ ეს ალკოჰოლიკი და მანიაკია, რომელსაც ადამიანური სახე აქვს დაკარგული, მისთვის უმჯობესი იქნებოდა სხვისი ჭკუით ეცხოვრა, რამეთუ თავისი აშკარად არა აქვს.
  


 

გახდი ისეთი, როგორიც ყველაა! (ვიდეოს სანახავად დააწკაპუნეთ ბმულზე)

 ფილმი  «Тот самый Мюнхгаузен».






 

შემიძლია ვენდო ჩემს თვალებს?

 ფილმი «Тот самый Мюнхгаузен».







პირველი პოზიცია და პიროვნული პოზიცია

პიროვნული პოზიცია არის პირველი პოზიციის გამოვლინება, როცა ადამიანი საუბრობს და მოქმედებს საკუთარი ინტერესებისა და სურვილების შესაბამისად. პიროვნული პოზიცია შეიძლება განვიხილოთ როგორც პირველი პოზიციის ნაირსახეობა და ზღვარი შემდეგნაირად გავავლოთ: "პირველი პოზიცია აღიქვამს, პიროვნული პოზიცია - მოქმედებს!"


 



 

უბრალოდ: არ მინდა!

ფილმი «Собачье сердце»


ყოველთვის უნდა იცოდე რა გინდა, რა გჭირდება, რა გაწყობს. დამუხტული უნდა იყო ენერგიით "მე მინდა!" და ეს შენი ლიდერული პოტენციალის გამომჟღავნება იქნება. როცა გარშემომყოფებს "სძინავთ" და ჩვეულ შაბლონებში არიან მოქცეულნი და უცებ აღმოჩნდება, რომ შენ შენი საკუთარი თვალები გქონია და შენი საკუთარი "მინდა", ვინ აღმოჩნდება ლიდერი პოზიციაში? - შენ!
გარშემომყოფებისათვის ადამიანი, რომელსაც განვითარებული პიროვნული პოზიცია გააჩნია არის ადამიანი, რომელსაც ინიციატივა აქვს, ახლის შემოთავაზება შეუძლია, პრობლემების გადაჭრა ეხერხება; პირადად მისთვის კი - ასეთი ადამიანი თავად ქმნის, თავად ძერწავს თავის ცხოვრებას, ანუ შემოქმედია. თვისებები, რომელიც ასეთ ადამიანს ახასიათებს: თვითრწმენა, პროაქტიულობა, საკუთარი უნიკალურობის განცდა, ინიციატივა, სიმამაცე იფიქროს და იცხოვროს საკუთარი შეხედულებებისამებრ, განვითარებული პიროვნული პოზიცია და საკუთარი ინტერესების ცოდნა. ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ჩვევა, რომელიც შეგიძლიათ საკუთარ თავს შეუქმნათ და აჩუქოთ.




პირველი პოზიციის შეფასება

ფსიქოლოგიურ ლიტერატურაში, რომელიც პიროვნების ზრდა-განვითარებას ეხება, პირველი პოზიცია ლამის პიროვნული განვითარების მწვერვალად ითვლება. ადამიანი, რომელმაც მოახერხა სოციალური შაბლონებიდან გამოსვლა, რომელმაც გაიაზრა საკუთარი ინტერესები და ისწავლა მათი დაცვა, ითვლება მიბაძვის უპირობო მაგალითად. თუმცა ეს მთლად ასე არ არის. პირველ პოზიციაში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ღირსებაა, არის ასევე თვალსაჩინო მინუსებიც, ხანდახან კი პირდაპირი საშიშროებაც.


პირველი პოზიციის პლიუსები და ღირსებები

აღქმის პირველ პოზიციაში მყოფი ადამიანი არის "აქ და ახლა", ხედავს იმას, რასაც თავად ხედავს, მისი აღქმა არ არის დამახინჯებული გარშემომყოფთა ზეგავლენით. მისთვის ბუნებრივია მისი სურვილები და სიხარულისა და სიამოვნების მომტანია მისი ღირსებები და უბრალოდ კი არ ცხოვრობს და არსებობს, არამედ ფიქრობს კიდეც.  ეს არის პიროვნული პოზიცია და "მე"-ს დაბადება. ეს შინაგანი თავისუფლებაა, სიმამაცე, გონიერების გამოვლინება, პიროვნების გამოვლინება, განვითარების შესაძლებლობა და ლიდერული პოზიციის ჩამოყალიბების საფუძველი. არჩევითობა: ადამიანი თავად წყვეტს რას მიაქციოს ყურადღება. ნულოვან პოზიციასთან შედარებით, სადაც ადამიანი შაბლონით არის დაბრმავებული და შიშში ცხოვრობს, ეს წინ გადადგმული უზარმაზარი ნაბიჯია. 

პირველი პოზიციის მინუსი და საშიშროებები

ადამიანს, რომელიც კრიტიკულად არ აფასებს პირველ პოზიციას, რომელმაც არ იცის ამ პოზიციის სუსტი მხარეები და არ ცდილობს მის შევსებას სხვა პოზიციებით, შეიძლება შემდეგი პრობლემური ნიშან-თვისებები გააჩნდეს:
  • სუბიექტურობა - პირველ პოზიციაში ადამიანის აღქმა სუბიექტურია, არ არის გათვალისწინებული სხვა ადამიანების შეხედულებები, მოკლებულია სივრცეს (საკმაოდ შეზღუდულია). "რასაც მინდა იმას ვხედავ. ვაფასებ როგორც ამას თავად ვთვლი საჭიროდ".
  • მიკერძოებულობა. ადამიანი სიტუაციურ ემოციებს ან საკუთარ სიამოვნებას ჰყვება. "მე ასე მომწონს!"
  • სუბიექტ-ობიექტის დამოკიდებულება. ამ პოზიციაში ადამიანმა იცის თავად რა უნდა, მაგრამ ყოველთვის არ ითვალისწინებს, რომ მის გარშემო ადამიანები არიან  თავიანთი შეხედულბებითა და სურვილებით. მისთვის ყველაფერი თავისი საკუთარი "მე"-ს გარშემოა აგებული, თავისი სურვილები და მიზნებია ყველაზე მნიშვნელოვანი; სხვა ადმაინებისადმი დამოკიდებულება კი შეიძლება იყოს როგორც ობიექტებისადმი, როგორც არაცოცხალი ნივთებისადმი. 
  • ეგოიზმი - საკუთარი ინტერესების სხვების ინტერესებზე მაღლა დაუსაბუთებელი დაყენება. დამოკიდებულება, როცა ადამიანი ფიქრობს მხოლოდ (როგორც წესი) საკუთარ თავზე, სხვებზე არ ფიქრობს ან ფიქრობს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში). როცა ყველაფერი, რაც პირადად მასთან არის დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო ჰგონია.
  • ჩაკეტილია მე-მიდგომაზე (ამაზე სხვა პოსტში ვისაუბრებთ), არა აქვს განვითარებული უნარი დაინახოს როგორ აღიქვამენ სხვა ადამიანები მოვლენებს. აქედან მოდის პირადი და საქმიანი არაეფექტურობა.
სანამ ადამიანს არა აქვს განვითარებული აღქმის სხვა პოზიციები - გარშემომყოფი ადამიანები, ობიექტური მზერა და ზრუნვა ადამიანებზე უბრალოდ განყენებული აბსტრაქციებია.

როგორ განვავითაროთ აღქმის პირველი პოზიცია. 



ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მესამე - ობიექტურობა
მეოთხე - სისტემური ხედვა
მეხუთე - ანგელოზი
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.

No comments:

Post a Comment