Thursday, March 28, 2013

აღქმის მეოთხე პოზიცია

აღქმის მეოთხე პოზიცია არის სტრატეგიული, სისტემური მიდგომა და ამავე დროს პირადი თვალთახედვა. "მე და შენ  სისტემის ნაწილები ვართ". აქ ხდება ურთიერთკავშირების ანალიზი, პერსპექტივების, კოლეგების ინტერესებისა და სისტემის ამოცანების გათვალისწინება.


ნუ შეგაშინებთ სიტყვა "სისტემა". ეს შეიძლება იყოს ოჯახი, მეგობრების წრე, თანამშრომლები - ყველაფერი ეს შეგვიძლია განვიხილოთ როგორც სისტემა (თანაც საკმაოდ სიმპათიური). 
ადამიანი, რომელიც მიმდინარე მოვლენებს მომავლის მზერით უცქერს აშენებს როგორც საკუთარ, ასევე იმათ მომავალსაც, ვინც მის შემდეგ მოდის. გარშემომყოფებისათვის ასეთი ადამიანი "ზრდასრულია", თავად ადამიანს კი ეს აძლევს საკუთარ პერსპექტივებში რწმენას, სტატუსს და სიბრძნეს.


 

 

მისტერ მილვერტონი შანტაჟისტი და ამორალური პიროვნებაა, რომელსაც გააჩნია სისტემური ხედვა და სისტემური აზროვნება. იგი მზადაა აკეთოს თუნდაც ისეთი საქმეები, რომლებიც პირდაპირ მოგებას არ მოუტანს, მაგრამ შექმნიან კონტექსტს, რომელიც მომავალში მოუტანს სარგებელს.
                            ფილმი "შერლოკ ჰოლმსის თავგადასავალი"

აღქმის მეოთხე პოზიციის შეფასება

ეს არის სისტემური მიდგომა, როცა ხდება ყველა ფაქტორის გათვალისწინება:
მე=შენ+ისინი+გარემოცვა+მომავალი...
ყმაწვილს მოსწონს გოგონა, გოგონას მოსწონს ყმაწვილი. ფიქრობენ ერთობლივ თანაცხოვრებაზე. პერსპექტივები: ცალკე საცხოვრებელი ადგილი არა აქვთ, ნათესავები წინააღმდეგი არიან, ბიჭი არსად არ მუშაობს, გოგომ საჭმელის კეთება არ იცის და ორივეს ერთად კი უჭირთ საკუთარი პრინციპების დათმობა და კონსენსუსის მიღწევა. პერსპექტივები აქ საკმაოდ პრობლემატურია...
ეს არის სისტემური აზროვნება: პრობლემის წყაროს ძებნა ხდება სიტუაციის განხილვით მთლიანად სისტემის პოზიციიდან და სისტემის ინტერესებიდან გამომდინარე.
თანამშრომელი მცირე ქურდობაზე იქნა შემჩნეული და სამსახურიდან გაათავისუფლეთ. დაიქირავეთ ახალი თანამშრომელი. როცა ერთი თვის შემდეგ მანაც მოპარვა დაიწყო, შემდეგი თანამშრომლის შერჩევას უკვე გაცილებით სერიოზულად მოეკიდეთ. მაგრამ თუ ნახევარი წლის შემდეგ ეს თანამშრომელიც ქურდობას დაიწყებს, ალბათ საჭირო იქნება იმაზე დაფიქრება, რომ პრობლემა თანამშრომლებში კი არა, სისტემაშია, რომელშიც ისინი ხვდებიან. იქნებ სწორედ აქ არის ცვლილებები შესატანი?
ეს არის სისტემური ხედვა, სადაც თითოეული წევრი საკუთარ თავს უფრო ფართო სისტემის ელემენტად მიიჩნევს.
სისტემური ხედვისას სკოლის მასწავლებელი თავს სასკოლო პედკოლექტივის წევრად ხედავს. პედკოლექტივს - სკოლის ნაწილად; სკოლას - განათლების სიტემის შემადგენელ ნაწილად, განათლების სიტემას ხედავს როგორც ქვეყნის კულტურის ნაწილს და ა.შ.
ეს არის ნებელობითი ქმედება, რომელიც ეფუძნება უფრო მაღალი ფასეულობების საკუთარ სიტუაციურ ფასეულობებზე წინ დაყენების უნარს. ამაზე ვისაუბრებთ თემაშის "სხვადასხვა დონის ფასეულობები" დროს.
როცა დილით ძლივს ახელთ თვალებს  აღქმის პირველი პოიზიციიდან მხოლოდ იმას გრძნობთ, რომ საშინლად გეძინებათ, ვერაფრით ვერ გამოიძინეთ და რომ ლოგინში კოტრიალი გაცილებით სასიამოვნოა, ვიდრე ადგომა.  გინდათ თვალები დახუჭოთ და კვლავ ძილს მიეცეთ. სწორედ ეს არის სიტუაციური ფასეულობა. თუმცა ზრდასრული ადამიანების უმეტესობა პოულობს ძალებს ადგეს და მოკლე დროში სამსახურში წასასვლელადაც გაემზადოს. სამსახური ამ კონკრეტულ შემთხვევში - უფრო მაღალი დონის პირადი ფასეულობაა.
ეს სოციალური პასუხისმგებლობაა: იმ ადამიანების ინტერესების გათვალისწინება, რომელთაც შეიძლება პირადად არც კი ვიცნობ, მაგრამ რომლებიც ჩემთან ერთად  მნიშვნელოვანი ერთიანობის ნაწილი არიან.


სოციალური პასუხისმგებლობა  არის ადამიანების წინაშე და მათთვის მიცემული დაპირებების შესრულებაზე პასუხისმგებლობა. ეს სოციალური პასუხისმგებლობის ყველაზე გავრცელებული განმარტებაა და ყველა სხვა სახის პასუხისმგებლობა, საბოლოო ჯამში, სოციალურ პასუხისმგებლობაზე დაიყვანება.

სოციალური პასუხისმგებლობა იგივეა რაც მოვალეობის გრძნობა. მოვალეობის გრძნობა შეიძლება იყოს სიტუაციური ("რადგან დაგპირდი - ესე იგი გავაკეთებ") ან სოციალური როლის, სტატუსის დამახასიათებელი (მშობლების, შვილის, მოქალაქის, ადამიანის).

 სისტემური ხედვის მქონე ადამიანის პლატფორმაა - "ჩემი ცხოვრება მხოლოდ მე არ მეკუთვნის. მე ოჯახის იმედი ვარ, გუნდის წევრი, განყოფილების თანამშრომელი, ქვეყნის მოქალაქე და ის, რასაც მე ვაკეთებ (ან არ ვაკეთებ), აისახება გარშემომყოფებზე..." ეს არის მოვლენის არსისა და პერსპექტივების ხედვა: უნარი დაინახო საკუთარი თავი და ყველაფერი რაც გარშემო ხდება, როგორც ერთი მთლიანი ჯაჭვის და სისტემის ელემენტი, როგორც წარსულის გაგრძელება და მომავლის წინაპირობა.
ის, ვინც მომავალზე ფიქრობს, ისახავს მიზნებს, ქმნის და ახორციელებს გეგმებს და გარდა სიტყვისა "მინდა" იცის როგორ თქვას "საჭიროა".
სიტუაციური ინტერესებიდან გამომდინარე ადამიანისათვის ხშირად უფრო მომგებიანია გამოიყენოს ნეგატიური მსოფლმხედველობა და ნეგატიური მოტივაცია, მოტყუების სტრატეგია და "მოგება-წაგების" მოდელი. მაგრამ გრძლევადიანი პერსპექტივიდან გამომდინარე უფრო გამართლებულია პოზიტიური მსოფლმხედველობის და პოზიტიური მოტივირების, მზრუნველობისა და თანამშრომლობის გამოყენება

არსებობს თუ არა მინუსები ასეთ სისტემურ მიდგომაში? ალბათ უპრიანი იქნებოდა მეფე სოლომონის სიტყვები გამოგვეყენებინა: "ბევრ სიბრძნეში - ბევრი სევდაა, და ის ვინც ამრავლებს ცოდნას, ამრავლებს დარდსაც". იყო ზედმეტად ჭკვიანი :) - ხანდახან შეიძლება უტაქტობაში ჩაგეთვალოთ, თქვენი სიბრძნე შეიძლება ქედმაღლობად შეაფასონ. განწყობა - "მე ვიცი რა სჭირდება თითოეულ ჩვენთაგანს და რა უნდა ვაკეთოთ", პრინციპში, შესაძლებელია სწორედ ასეც იქნას აღქმული.

აღქმის მეოთხე და პირველი პოზიციები

მეოთხე პოზიცია ჰგავს აღქმის პირველ პოზიციას, რამეთუ ორივე შემთხვევაში თქვენ საკუთარ მოსაზრებას გამოხატავთ. პირველი პოზიცია - თქვენი საკუთარი ხედვაა თქვენი პერსონიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სუბიექტური პოზიცია, მაშინ, როდესაც მეოთხე პოზიცია - სიტუაციის თქვენი საკუთარი ხედვაა,  მაგრამ არა სუბიექტური, არამედ ობიექტური. ეს ორი კარდინალურად განსხვავებული პოზიციაა - "მე მინდა!" იგივე არ არის რაც  "ჩვენ გვჭირდება!", როგორც "მე მომწონს!" განსხვავდება პოზიციისაგან -  "ასე აჯობებს!", მაგრამ გარეგნულად ეს ორი პოზიცია შეიძლება ძალიან გავდეს ერთმანეთს: ორივე შემთხვევაში თქვენ თქვენს პოზიციას აფიქსირებთ.


ასევე იხილე აღქმის პოზიციები:
აღქმის ძირითადი პოზიციები
ნულოვანი - შაბლონის სიბრმავე
პირველი - ჩემი ინტერესები
მეორე - პარტნიორის ინტერესები
მესამე - ობიექტურობა
მეხუთე - ანგელოზი
---

გამოყენებულია მასალები პრაქტიკული ფსიქოლოგიის ენციკლოპედიის - ფსიქოლოგოსის ვებ გვერდიდან.

1 comment:

  1. требую продолжения банкета :) ( მასალები ხომ იქნება კიდევ ? :) )

    ReplyDelete