Wednesday, April 17, 2013

პიროვნული ზრდის ტრენინგები


იმისათვის, რომ გავერკვეთ რას ნიშნავს პიროვნული ზრდის ტრენინგები, ჯერ მოდით გადავხედოთ რა იგულისხმება თავად მცნებაში -"პიროვნულ ზრდა". ითვლება, რომ პიროვნული ზრდა არის ადამიანის პიროვნების პოზიტიური ცვლილებები, მისი მთავარი ღერძის გაძლიერება და მისი პოტენციალის ზრდა.





პიროვნული ზრდა შეიძლება ორგვარად გავიგოთ: როგორც ფაქტი, რომელიც შეიძლება გაიზომოს ანუ რაღაც პროცესის შედეგი, და როგორც განსაკუთრებული პროცესი, რომელიც სწორედ როგორც ზრდა ისე მიმდინარეობს, როგორც ადამიანში ბუნებით ჩადებულის გახსნა-განვითარება. 

სწორედ აქედან მოდის პარადოქსი: ყველანაირი პიროვნული ზრდა-განვითარება არ წარმოადგენს პიროვნულ ზრდას :) მაგალითად თუ ადამიანის პოტენციალის განვითარება მოხდა პიროვნების ფორმირების პროცესში, რომელიც გარედან მოწოდებული და ორგანიზებული აღმზრდელობითი პროცესის შედეგია, მაშინ პიროვნული ზრდის პროცესი არ ყოფილა, მაგრამ შედეგი - პიროვნული ზრდა - სახეზეა. ერთი და იგივე მიზნის მიღწევა (პიროვნების ზრდა) სხვადასხვა გზებით შეიძლება. პიროვნების ზრდის პროცესი მხოლოდ ერთ-ერთი გზაა სხვა საშუალებებთან ერთად, როგორიცაა პიროვნების განვითარება და ფორმირება.

რათა არ დავიბნეთ და არ ავირიოთ გთავაზობთ, რომ იმ სიტუაციებში, როცა მხოლოდ პიროვნული ზრდის შედეგი გვაინტერესებს და მნიშვნელობა არა აქვს რა გზით იქნა ეს მიღწეული, გამოვიყენოთ უფრო ფართო მცნება: პიროვნების ზრდა-განვითარება.
ის პიროვნული ზრდა, რომელიც პოპულარულ წიგნებშია აღწერილი და ტრენინგების რეკლამებში ვხვდებით - პრინციპში მეცნიერული მცნება კი არა, პოპულარული ბრენდია. გამოდის წიგნები, რომელიც (თითქოსდა) პიროვნულ ზრდას ეხება, ტარდება (ვითომდა) პიროვნული ზრდის ტრენინგები;  ამ დროს წიგნები და ტრენინგები შეიძლება სულაც არ ეხებოდეს პიროვნულ ზრდას. მაშ რაზეა ისინი? ეს შეიძლება იყოს: პირადი ცხოვრების შესახებ, ურთიერთობებზე, როგორ გავუმკლავდეთ დეპრესიას, როგორ მოვძებნოთ სამსახური... ყველა ეს კითხვა რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, ცხოვრებისეული, წიგნებიც და ტრენინგებიც შეიძლება ძალიან სასარგებლო იყოს, მაგრამ პიროვნული ზრდის თემას ამ ტერმინის მხოლოდ ძალიან ფართო გაგებით თუ ეხმიანება. მაშ რატომ არის ყველა ეს თემა "პიროვნული განვითარების" ქოლგის ქვეშ მოქცეული?  ეს მარკეტინგის საკითხია.  უბრალოდ ასე უფრო უკეთ იყიდება.

პიროვნული ზრდის პროცესის გარდა, რომელიც როგორც წესი მხოლოდ აკადემიურ ფსიქოლოგიას თუ აინტერესებს, ჩვეულებრივ ადამიანებს პიროვნული ზრდის შედეგიც აინტერესებთ.  ყოველთვის არ ხერხდება კონკრეტულად გამოიყოს რამ და როგორი ზეგავლენა მოახდინა ადამიანზე, მაგრამ პიროვნული ზრდის შედეგი სახეზეა. ადამიანი შეიცვალა - მოხდა მისი პიროვნული ღერძის გამაგრება და მისი პოტენციალის გაზრდა. ადამიანი უკეთ უმკლავდება ცხოვრებისეულ გამოწვევებს, უფრო ძლიერი, უფრო ღრმა და შინაგანად მდიდარი გახდა. 
პიროვნული ზრდის და განვითარების მთავარი მახასიათებლებია მისი მიმართულება, აქტიურობა და მასშტაბი.


პიროვნული ზრდის ტრენინგები



პიროვნული ზრდის ტრენინგები, ბუნებრივია, ხელს უწყობს პიროვნების ზრდას. ხანდახან პიროვნული ზრდის ტრენინგებს ფსიქოთერაპიულ მოქმედებას ადარებენ. ამას ბუნებრივია თავისი მიზეზები აქვს, მაგრამ მთლიანობაში ეს შეხედულება არაზუსტია. 

კარლ როჯერსი  მასთან მეცადინეობაზე მოსულებს პრინციპულად კლიენტებს უწოდებდა და არა პაციენტებს და ამით იმას უსვამდა ხაზს, რომ  ამ პროცესს არ განიხილავდა როგორც მკურნალობას. როცა კარლ როჯერსი სტუდენტების ჯგუფთან მუშაობდა და მათ საკუთარი თავის რწმენას უღვივებდა, ეს ნამდვილად პიროვნული ზრდის პროცესი იყო და არა ფსიქოთერაპია. 
თუ ექიმმა  სუფთა ჰაერზე სეირნობა გამოგიწერათ, გირჩიათ, რომ ნაკლებად დაიძაბოთ და მეტი ისეირნოთ - ეს საერთო გამაჯანსაღებელი პროცედურების რეცეპტია. ეს პრინციპში მკურნალობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესს შორის არსებული ტერიტორიაა, ამის გამოწერა შეუძლია როგორც ექიმს, ასევე ჩვეულებრივ ადამიანსაც, მთავარია იყოს საღი აზრი.
ასევეა პიროვნული განვითარების ტრენინგები - ხშირად ხდება  მათი ფსიქოთერაპიულ ფორმატში ჩატარება,  მაგრამ დასაწყისში პიროვნული განვითარების ტრენინგები შექმნილი იყო და ტარდებოდა ჯანსაღ ადამიანებთან და  მიმართული იყო პიროვნული განვითარებისა და არა მკურნალობისაკენ. 

პიროვნული განვითარების ტრენინგების სახეები

ხშირად უპირისპირებენ  ერთმანეთს პიროვნული განვითარების ტრენინგებს, რომელიც თქვენი პიროვნებით არის დაკავებული და უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე მიმართულ ტრენინგებს, რომლებიც არანაირად არ ეხება თქვენს პიროვნებას და მხოლოდ უნარ-ჩვევებზეა მიმართული. ეს არასწორი მიდგომაა, რადგან პიროვნული განვითარების ტრენინგებიც უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა მიმართული, თუმცა არა  კონკრეტული, არამედ უნივერსალური, ფართო დიაპაზონის უნარების ჩამოყალიბებაზე. 
პიროვნული ტრენინგები იყოფა ორ კატეგორიად - ტრენინგები, რომელიც ეხმარება პასიურ (ბუნებრივ) პიროვნულ ზრდას და აქტიური პიროვნული ზრდის ტრენინგები.
პასიური პიროვნული ზრდისას ინტელექტი და ფსიქოლოგიური კულტურა ბუნებრივად ვითარდება, ისევე, როგორც იზრდება ადამიანის სხეული. 
ცხოვრება მიდის - იზრდება კიდურები, იზრდება თმები, ნელ-ნელა ვითარდება ინტელექტი და ცხოვრების პროცესში თანდათან ბუნებრივად ყალიბდება ფსიქოლოგიური კულტურა.



აქტიური პიროვნული ზრდისას ადამიანს უჩნდება ჩანაფიქრი, უყალიბდება განზრახვა, ბევრი მიზნებსაც ისახავს - რის შემდეგაც ადამიანი ან დამოუკიდებლად იწყებს თვითგანვითარებაზე მუშაობას ან მიდის მეცადინეობებსა და ტრენინგებზე, რომლებიც მისთვის საინტერესო უნარ-ჩვევებს ავითარებს.
შესაბამისად გამოყოფენ  პიროვნული ზრდის ორი ტიპის ტრენინგს - პასიური (ბუნებრივი) პიროვნული ზრდის და აქტიური პიროვნული ზრდის ხელშემწყობი ტრენინგები. 

ტრენინგები, რომლებიც ბუნებრივ პიროვნულ ზრდას უწყობს ხელს


ასეთი ტრენინგები ხელს უწყობს პიროვნული პოტენციალის გაჯანსაღებასა და გაძლიერებას, ათავისუფლებს ადამიანს  ზრდის ხელისშემშლელი ბლოკებისაგან. ასეთი ტრენინგებისას წამყვანს არ შეუძლია განსაზღვროს და იძულებითი წესით მოგახვიოთ თავს მოვლენები, მიგითითოთ საით და როგორ უნდა ვითარდებოდეს თქვენი პიროვნება. ბუნებრივი პიროვნული ზრდა განისაზღვრება პიროვნების მხოლოდ შინაგანი პროგრამებით (ბირთვით), წამყვანის ფუნქცია კი ამ პროცესისათვის მაქსიმალურად ხელშემწყობი გარემოს შექმნაა მხოლოდ. 

აქტიური პიროვნული ზრდის ტრენინგები


აქტიური პიროვნული ზრდის ტრენინგებზე პიროვნული ცვლილებების ავტორი თავად ადამიანია, რომელმაც ასეთი ამოცანები დაისახა.  თუმცა არანაკლები მნიშვნელობა ენიჭება ამ პროცესში ტრენერსაც: შენ აირჩიე ტრენერი, ეხლა ეს ტრენერი მუშაობს შენთან და შენზე.
აქტიური პიროვნული ზრდის ტრენინგი პიროვნების ტრანსფორმაციით არის დაკავებული, რაც ადამიანის "მე"-ს დონეზე მიმდინარეობს, მისი თვითიდენტიფიკაციის დონეზე ხორციელდება. მოკლედ, თუ ტრენინგზე ახალი უნარ-ჩვევების შესწავლა-დამუშავება მიმდინარეობს, ეს უკვე პიროვნულ განვითარებაში შედის და არა პიროვნულ ზრდაში. ზრდა არ შეიძლება იყოს უნარ-ჩვევებზე მიმართული ტრენინგის საგანი, მითუმეტეს როცა ეს ტრენინგები ხანმოკლეა. 
დღეისათვის გავრცელებული პოპულარული აქტიური პიროვნული ზრდის ტრენინგები მომართულია როგორც პიროვნების ზრდის, ასევე მისი განვითარებისაკენ. აქ შედის საგანმანათლებლო ტრენინგებიც (ცოდნის გადაცემა და უნარ-ჩვევების გამომუშავება) და როგორც ფასეულობებზე და რწმენაზე მიმართული, ასევე მონაწილეების მდგომარეობა/განწყობაზე ორიენტირებული ტრენინგები -  ამ ტრენინგების შედეგად იზრდება პიროვნების პოტენციალი, ცხოვრებისეული ამოცანების უფრო ეფექტურად გადაჭრის უნარი.
"მზიანი სახლის" პიროვნული განვითარების ტრენინგები სწორედ პიროვნების ზრდა-განვითარებაზეა მიმართული.


პიროვნული განვითარების ტრენერი

ერთ-ერთი განმარტებით (ტრენინგ კომპანია "ტრენინგების აკადემია"): "პიროვნული ზრდის ტრენერი არის ადამიანი, რომელმაც გაიარა განვითარების რაღაც ეტაპი - როგორც პიროვნული, ასევე სულერი განვითარების... გააჩნია მაღალი დონის სოციალური სიმწიფე (სასურველია რომ სულიერი სიმწიფეც იყოს)... აქვს მოქნილი, გახსნილი გონება, გააჩნია კომუნიკატიური სიმწიფის მაღალი დონე (ეს არ არის არც უნარ-ჩვევები და არც რაიმე სპეცტექნიკები!) პიროვნული ზრდის  ტრენერს უყვარს ადამიანები ზოგადად და ხასიათდება მაღალი ემპათიით, მუდმივად თვითგანვითერების პროცესშია, ქმნის და ცხოვრობს სამყაროში, სადაც თავად არ წარმოადგენს დედამიწის ჭიპს და უპირობო სულიერ ავტორიტეტს, გააჩნია ტრენინგების ჩატარების უნარ-ჩვევები და ამისთვის აუცილებელი ცოდნაც".

1 comment:

  1. დიდი მადლობა. ძალიან საინტერესოა პიროვნული ზრდის საკითხი, როგორც მოვლენა. ვფიქრობ მნიშვნელოვანი საფუძველი პიროვნული ზრდისთვის არის შინაგანი მზადყოფნა ანუ გარკვეული მოტივაცია იმისათვის, რომ მოხდეს ეფექტიანი ფოკუსირება ამოცანაზე (საინტერესო იყო ის ინფორმაცია, რომ პიროვნულ ზრდას გააჩნია მიმართულების და აქტიურობის მახასიათებლები). ასეთი მოტივაციის არარსებობის შემთხვევაში ალბათ ადამიანი გახსნილი ვერ იქნება თუნდაც "პასიური" ზრდისკენ, მაგრამ თუ ადამიანი აღიქვამს პოტენციური ზრდის პერსპექტივას, მაშინ მისი ზრდის მიმართულება, აქტიურობა და მასშტაბიც გაცილებით დიდი იქნება. ამ ყველაფერს თუ "აქტიური" ზრდა მიემატება, მაშინ ვერაფერი შეაჩერებს ადამიანის "გასხივოსნებას".

    ReplyDelete