Wednesday, November 5, 2014

ცხოვრებისეული მიზნების განსაზღვრა-ჩამოყალიბება

მასალა მოამზადა თათია გოგიშვილმა "ფსიქოლოგოსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით

მიზნის პოზიტიური ფორმულირება


მიზნის პოზიტიური ფორმულირება  ნიშნავს  ფორმულირებას მტკიცების და არა უარყოფის მეშვეობით. მიზნის ფორმულირებაში უნდა ჟღერდეს ის, თუ რა გსურთ, და არა ის, რაც არ გსურთ.
ისინი, ვინც ჯერ მხოლოდ იწყებენ საკუთარ თავზე მუშაობას, ხშირად, მიზნის დასახვისას, ახდენენ მათ ნეგატიურად ჩამოყალიბებას „რა არ მინდა“ პრინციპის გამოყენებით: „მე არ უნდა ვამბობდე არა-ს“, „არ მინდა, რომ ვავადმყოფობდე“ და ა.შ. ბევრად უფრო პროდუქტიულია მიზნის ჩამოყალიბებისას გამოვიყენოთ „მე მინდა“ პრინციპი და ამ დროს შევეცადოთ დავინახოთ კიდეც პოზიტიური შედეგი. „მე არ მინდა მხრებში ვიხრებოდედა მქონდეს სახის მოღუშული გამომეტყველება“ -ს ნაცვლად სჯობს ჩამოვაყალიბოთ „მე მსურს მქონდეს მეფური  იერი და გასხივოსნებული ღიმილი“.
ნეგატიური მიზნის დასახვა ადვილია: „არ მსურს ის, რაც არის!“  აბა, რა გსურთ?! იმის ფორმულირება, რაც ისედაც არ გსურთ, არაპროდუქტიულია.
მოდით, წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ სული გეხუთებათ ქალაქში და გსურთ ქალაქიდან გასვლა, მიდიხართ მატარებლის ბილეთის საყიდლად და ეუბნებით მოლარეს „მე მინდა ერთი ბილეთი თბილისიდან!“, შესძლებს მოლარე თქვენს დახმარებას?! „ბილეთი თბილისიდან, მაგრამ საით?“ - ის ბილეთი, რომელსაც თქვენ მოგცემენ, იქნება კი იქით, საითაც თქვენ გსურთ?!
„მსურს თავი დავანებო მოწევას“ - ეს მიზნის ნეგატიური ფორმულირებაა. რისთვის გსურთ სიგარეტისთვის თავივს დანებება? რა გსურთ პოზიტიურ კონტექსტში? ერთ-ერთი პოზიტიური, მტკიცებითი ფორმულირება იქნება „მსურს გავიუმჯობესო ჯანმრთელობა და დავიწყო ჯანსაღი სტილით ცხოვრება“. სანამ თქვენ თქვენს თავს უმტკიცებთ „მსურს თავი დავანებო სიგარეტს“, თქვენს ცნობიერში პერმანენტულად ჟღერს „მსურს..... სიგარეტი“ და  წარმოსახვაში ჩნდება კიდეც (ეს საძულველი) სიგარეტის ღერი. პოზიტიურად ჩამოყალიბებული მიზნის შემთხვევაში კი თქვენს ცნობიერში გაჟღერდება  „ჯანმრთელობა“ და „ჯანსაღი ....  ცხოვრება“.
როდესაც ამბობთ „მსურს მოვიშორო სიზარმაცე“, თქვენ ჯერ კიდევა არ გითქვამთ მთავარი - აბა, რა გსურთ შეიძინოთ? თქვენ გსურთ გახდეთ ენერგიული, მხნე და ხალისით აკეთოთ ნებისმიერი რამ, ვიდრე არ აკეთოთ არაფერი? თუ თქვენ გსურთ გახდეთ მიზანასახული, შედეგზე ორიენტირებული ადამიანი, რომელსაც შეუძლია ნაბიჯების წინ გადადგმა, მიუხედავად დაღლილობისა და შინაგანი „არ მინდა“-სი?
რა გსურთ თქვენ?!
აქ შეგვიძლია ცოტა გიკარნახოთ - ჰკითხეთ საკუთარ თავს: „რისთვის მსურს მე ეს?“ რისთვის, რა მიზნისთვის გსურთ, მაგალითად, განთავისუფლდეთ სიზარმაცისგან? იმისთვის, რომ თქვენთან არ ქონდეთ პრეტენზიები? რომ არ გამოგაგდონ სამსახურიდან? რომ თქვენი ცხოვრება გახდეს უფრო მჩქეფარე? რომ ცხოვრებაში შესძლოთ მეტის გაკეთება?...
„მინდა გავთავისუფლდე შურის განცდისგან“ - აქ მხოლოდ ისაა გასაგები, თუ რა არ გაწყობთ და არა სინამდვილეში რა გსურთ და ასეთ ინტუიციურ-ნაგულისხმებ მიზანს სათუოა, რომ მიაღწიოთ. თუმცა აი, მიზანი „ვისწავლო  სხვისი წარმატებით გახარება“ ნამდვილად ბევრად უფრო შინაარსიანი და ცხადია.
„მე მსურს გავხდე არა იმიტომ, რომ მძულს საკუთარი თავი მსუქანი, არამედ იმიტომ, რომ მიყვარს, როცა კოხტად გამოვიყურები!“

გაითვალისწინეთ: დაისახეთ პოზიტიური მიზნები!!! არ იბრძოლოთ რამის წინააღმდეგ, შეიქმენით ღირსეული საბრძოლო მიზანი!
საკონტროლო კითხვა: „ჩემი მიზნები პოზიტიურად, მტკიცებით კონტექსტშია ფორმულირებული და არა ნეგატიურ და უარყოფის კონტექსტში?“


კონკრეტიკა მიზნის ფორმულირებისას

კონკრეტიკა მიზნის ფორმულირებისას - მიზნის მიღწევის პროცესის აღმწერი ისეთი მცირე, კონკრეტული დეტალების საკმარისი რაოდენობაა, რომლებიც  საჭიროა საბოლოო შედეგის მისაღებად. ასევე, მათ შორის უნდა იყოს საშუალება ნათლად განვსაზღვროთ მიზანი მიღწეულია თუ არა. ამაში თქვენ დაგეხმარებათ შემდეგი კითხვები: "როგორ გავიგებ, რომ შედეგს მივაღწიე?" "რას დავინახავ, გავიგონებ, შევიგრძნობ, როცა ეს მოხდება?" მაგალითად, "ჩემი სუნთქვა მშვიდი და თანაბარი იქნება, ვისაუბრებ თავდაჯერებულად და ომახიანად, დავინახავ, რომ კოლეგები უფრო ხშირად მომმართავენ ხოლმე".

შედეგი უნდა იძლეოდეს მისი შემოწმების საშუალებას; იგი უნდა იყოს გამოხატული რამე რეალურად შეგრძნებადში; მაგალითად, სენსორულ (ხილულ, შეგრძნებად) გამოცდილებაში. იმისთვის, რომ იცოდეთ, მიაღწიეთ თუ არა შედეგს,  უნდა გქონდეთ მისი მიღწევის მკაფიო კრიტერიუმები. გსურთ  რომ გქონდეთ მეფური იერი? დადექით ისე, როგორც წარმოგიდგენიათ, რომ ამ დროს უნდა გამოიყურებოდეთ, შეხედეთ საკუთარ თავს, დაენახეთ სხვებს და ახლა დაიმახსოვრეთ თქვენი ეს მდგომარეობა. არის! ესაა თქვენი სატესტო მდგომარეობა. როდესაც სავარჯიშოს შესრულებისას მიხვდებით, რომ მიაღწიეთ სატესტო მდგომარეობას, ესე იგი სავარჯიშო შესრულებულია.
ტიპიური შეცდომები მიზნის ფორმულირებისას (ზოგადი სიტყვები კონკრეტიკის გარეშე):
„მსურს გამოვინთავისუფლო ცოტა მეტი დრო“... რას  ნიშნავს „ცოტა მეტი“? ნახევარ საათს დღეში? თუ შვიდ საათს?
„მსურს ავიღო მართვის მოწმობა“. თითქოს კარგი მიზანია, თუმცა რისი მართვის მოწმობა გსურთ - მსუბუქი თუ სატვირთო მანქანის? იქნებ მოტოციკლეტის? დროის რა პერიოდში გსურთ, რომ აიღოთ?
„ვაპირებ ვიზრუნო საკუთარ ფიზიკურ ფორმაზე“. თქვენი სურვილი გასაგებია, მაგრამ სიცხადე აქ ჯერ არ ჩანს, ეს მიზანი ჯერ მხოლოდ ცარიელი აბსტრაქციაა! კონკრეტიკის შემთხვევაში კი, აი, როგორ გამოიყურება ეს მიზანი: „ერთი თვის განმავლობაში, ყოველ დილით, ამინდისა და ხასიათის მიუხედავად, ვირბინო ოპტიმისტური განწყობით. სირბილის შემდეგ მივიღო კონტრასტული შხაპი, ხოლო სამჯერ კვირაში გავაკეთო 50 აზიდვა 10 წუთში“. აი, ასე! გისურვებთ წარმატებას!
კონკრეტიკის უმნიშვნელოვანესი მომენტია ვადები - როდის იწყებთ, რამდენ ხანს აგრძელებთ, როდის ასრულებთ.

გაითვალისწინეთ: თუ რამე დაგეგმეთ, მაგრამ გონებაში ლამაზი წარმოსახვითი სურათის გარდა არაფერი არ გააკეთეთ დღე-ნახევარის განმავლობაში, თქვენი სურთი დარჩება ოცნებად. იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები ახდეს, აიძულეთ საკუთარი თავი სწრაფად გადადგათ პირველი ქმედით ნაბიჯები!
საკონტროლო კითხვა: „არის ჩემი მიზნები საკმარისად ცხადად და     კონკრეტულად ფორმულირებული? ფორმულირებიდან ნათლად ჩანს როდის იქნება მიზანი მიღწეული?“


 მიზნის ფორმულირების პროცესისადმი პასუხისმგებლობით მიდგომა



მიზნის ფორმულირების პროცესისადმი პასუხისმგებლობითი მიდგომა - ეს არის ისეთ ფორმულირება, რომელიც გულისხმობს მხოლოდ იმას, რაც უაშუალოდ თქვენზეა დამოკიდებული, რაზეც თქვენ რეალურად შეგიძლიათ იქონიოთ ზეგავლენა.
თქვენ უნდა დაისახოთ მხოლოდ ის მიზნები და მხოლოდ ისე, რომ შედეგი სრულად იყოს დამოკიდებული მხოლოდ თქვენზე. თუ თქვენ მიზნად დაისახავთ, რომ დედათქვენმა შეწყვიტოს თქვენზე ყვირილი, საეჭვოა რამის მიღწევა შეძლოთ. დედათქვენი თქვენი კონტროლის მიღმაა. მაგრამ ამ მიზანში რა არის თქვენზე დამოკიდებული? რა არის ის, რისი მიღწევის შემთხვევაშიც, დედათქვენი თქვენ აღარ დაგიყვირებთ? აუცილებელია ფოკუსირდეთ იმაზე, რისი შეცვლაც პირველ რიგში თქვენ შეგიძლიათ საკუთარ თავში და განსაზღვრეთ საკუთარი პასუხისმგებლობა ამ მიზნის მიღწევაში. „მსურს შინაგანად უფრო თავისუფალი ვიყო, მაგრამ ამისთვის უნდა შევცვალო ჩემი ქმრის დამოკიდებულება....“ სტოპ! შეცდომაა! ქმარი ამოვშალეთ! „რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ გავხდე შინაგანად უფრო თავისუფალი?“
თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ზოგიერთ მიზანს ჩვენ ვასრულებთ სხვა ადამიანებთან თანამშრომლობით, და ამ შემთხვევაში ფორმულირებამ შეიძლება ოდნავ იცვალოს სახე: „ჩვენ ვისახავთ მხოლოდ იმ ამოცანებს, რომელთა შესრულებაზეც ვაგებთ პასუხს“. 
„მსურს, რომ ჩემთან სამსახურში თანამშრომლები აღარ კინკლაობდნენ და საქმეს აკეთებდნენ!“ - ეს შეცდომაა, მიზნის ფორმულირებიდან უნდა ამოვიღოთ თქვენი თანამშრომლები: „რა უნდა გავაკეთო, რა უნდა ვისწავლო, რა უნდა შევცვალო მე, რომ უფრო ეფექტურად ვიმოქმედო ჩემი თანამშრომლების ურთიერთობებზე და უკეთესად ვმართო სამუშაო პროცესი?“
სხვა ადამიანების, გარემოებების, იღბალის ან ზე-ძალების იმედად ყოფნა არც თუ საუკეთესო იდეაა; უფრო სარწმუნო იმ მიზნების დასახვა იქნება, რომელთა მისაღწევადაც თქვენ გაქვთ აუცილებელი უნარები, რესურსები და კონტროლის შესაძებლობები.
საკონტროლო კითხვა: „ჩემი მიზნები პასუხისმგებლობითი მიდგომის გამოყენებით არის ჩამოყალიბებული? მათი მიღწევა პირველ რიგში ჩემზეა დამოკიდებული?“














No comments:

Post a Comment