Saturday, March 2, 2019

კონფლიქტოგენები და სინტონები


კონფლიქტოგენები და სინტონები

“წიგნი იმათთვის, ვისაც უყვარს ცხოვრება ანუ პიროვნული ზრდის ფსიქოლოგია” - ნიკოლოზ კოზლოვი
მოლოდინების წრეები ანუ რა არის არის სინტონები და რა - კონფლიქტოგენები

… ის, რაც ერთ სიტუაციაში კონფლიქტოგენია, მეორე სიტუაციაში შეიძლება ნეოტრალური ქმედება იყოს. და ერთი ადამიანისათვის სინტონი შეიძლება მეორისათვის კონფლიქტოგენი აღმოჩნდეს.
მაშინ ჩნდება კითხვა - არსებობს თუ არა ზოგადად მიღებული სინტონების ჩამონათვალი? და ტიპიური კონფლიქტოგენების?
არა?
აღმოჩნდა რომ თურმე არსებობს. მაგრამ არა ერთი, არამედ სამი, ურთიერთობების სამი ძირითადი ტიპიდან გამომდინარე:
Ø  ნორმალური ადამიანები;
Ø  მეგობრები;
Ø  ადამიანები, ვისაც უყვართ ერთმანეთი.
მე ვამჯობინებ ამ ტიპებს მოლოდინის წრეები დავარქვა, რადგან სწორედაც რომ მოლოდინი განსაზღვრავს მათ შორის განსხვავებებს. და იმისათვის, რომ არა მხოლოდ გასაგები, არამედ თვალსაჩინოც იყოს, ამას ყველაფერს წრეებით გამოვსახავ. ქვემოთ ყველაზე დიდი წრე იქნება.



·      ნორმალური ადამიანების წრე, ისეთები როგორებიც ვართ თქვენ და მე. ჩვენ რა თქმა უნდა ბევრნი ვართ. ამ წრის გარეთ დარჩენილებიც ადამიანები არიან, მაგრამ ჩვენ მათ ადამიანებად არ მივიჩნევთ.
“ჩვენ ჩვეულებრივი ადამიანები ვართ” წრის ზემოთ არის წრე “ჩვენ მეგობრები ვართ”, ასეთები უფრო ცოტანი არიან ბუნებრივია.
ყველაზე პატარა და ყველაზე მაღლა მდგომი წრე არის წრე “ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი”.

ამრიგად, სინტონად ჩაითვლება ნებისმიერი მზრუნველობითი, მეგობრული ქმედება იმათ მიმართ, ვინც თვლის რომ თქვენ ერთმანეთისთვის არაფერს წარმოადგენთ.  ანუ უბრალოდ ნორმალური ადამიანები. მაგრამ თუ იმას, ვინც თქვენ მეგობრად გთვლით, თუნდაც წამიერად რომ მოექცეთ როგორც “უბრალოდ ადამიანს” -თქვენი ქმედება კონფლიქტური იქნება.
თუ მეგობარს ისე მოექცევით, როგორც შეყვარებულს - ეს სინტონია, ხოლო თუ შეყვარებულს ისე მოექცევით როგორც უბრალოდ მეგობარს, ბოდიში, მაგრამ ეს უკვე კონფლიქტოგენია.
·      ყველაზე უსიამოვნო აქ ის არის, რომ როგორც ჩანს, შეყვარებულებს შორის სინტონები უკვე აღარ არსებობს: ამაზე მაღლა ურთიერთობების აწევა უბრალოდ შეუძლებელია. აი კონფლიქტგენი კი უკვე ნებისმიერი რამ შეიძლება გახდეს.
ამ მოლოდინების წრეებთან დაკავშირებული სიტუაცია იმდენად საინტერესოა, რომ უფრო დაწვრილებით მინდა ამაზე მოგიყვეთ.
·      თავის დამცავი კომენტარი: როცა სიყვარულზე და მეგობრობაზე ვსაუბრობ, ამას აღვწერ ისე, “როგორც არის”, ისე, როგორც ეს ცხოვრობს ჩვენს დღევანდელ რეალურ კულტურაში, და არა ისე, როგორც მე გამეხარდებოდა ან თქვენ, ან როგორც ჩვენ ღირსეულად და მიზანშეწონილად ჩავთვლიდით.

მოლოდინის წრე “ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ”

ეს ადამიანი უბრალოდ თქვენი ნაცნობია, თქვენ რამდენიმე ფრაზა გაცვალეთ და მიხვდით, რომ მეტი არც გჭირდებათ. უცნაური იქნებოდა იმისი მოლოდინი, რომ დაბადების დღეზე ყვავილების თაიგულს მოგიტანს, მაგრამ თუ საუბარში გაიგონებს, რომ დღეს დაბადების დღე გაქვს - გაგიღიმებს და მოგილოცავს.
·      ჩვენ ხომ ადამიანები ვართ!
თუ ნორმალური ადამიანები ვართ, ბუნებრივია რომ ადამიანების წრეში (და მათ შორის ჩემს წინაშეც) იცავ ზრდილობის წესებს და არ იფურთხები მარცხენა მხრის მიმართულებით თუ იცი, რომ მე ვდგავარ შენს მარცხენა მხარეს, და მეც უმიზეზოდ და გაფრთხილების გარეშე ცხვირში არ გირტყავ.
·      ხოლო თუ გირტყავ გაფრთხილების გარეშე, და ვთვლი, რომ ეს ნორმალურია, შენ ჩემთვის არ ხარ ადამიანი.

ადამიანები “წრის მიღმა”
ბევრი ხელმძღვანელისათვის, დამლაგებელი, რომელიც საღამოთი მის სამუშაო კაბინეტს ალაგებს, იმაზე მეტს არ ნიშნავს, ვიდრე კონდიციონერის ხმაური, და ამ ქალისადმი მადლიერების გამოხატვა მისთვის ისეთივე უცნაურია, როგორც სამუშაო დღის დასაწყისში კაბინეტში მდგარი კარადის მისალმება.
·      დამლაგებელი მისთვის ადამიანი კი არა, მარია პეტროვნა კი არა, არამედ უბრალოდ რაღაც არსებაა, რომელსაც თან მტვერსასრუტი დააქვს.
და თუ მარია პეტროვნა ამას გაგებით ეკიდება და ღებულობს, მაშინ მას ეს არც სწყინს და შეურაწყოფად არ ღებულობს.
მაგრამ რა მოხდება, თუ უფროსი მას გაუღიმებს და მიესალმება? ბუნებრივია ეს მისთვის იქნება “თავზე ხელის გადასმა”, ეს იქნება სინტონი. მაგრამ თუ ეს ასე გაგრძელდა, რაღაც დროის შემდეგ დამლაგებელი მარია პეტროვნა მიეჩვევა მოვლენების ასეთ განვითარებას და ეს მისთვის აღარ იქნება საჩუქარი: სრულიად მოსალოდნელია რომ ამ დროს მან თავი ჩასვას წრეში, რომელსაც ჰქვია “ნუ ჩვენ ხომ ნორმალური ადამიანები ვართ” და მის მიმართ, როგორც ადამიანის მიმართ დამოკიდებულება, მისთვის ნორმად გადაიქცევა.
·      და ამიტომ, როცა მას ისევ ვერ შეამჩნევენ და არ მიესალმებიან - ბუნებრივია ეწყინება.

ჩვენ მეგობრები ვართ

წრეებს შორის “ჩვენ ნორმალური ადამიანები ვართ” და “ჩვენ მეგობრები ვართ” უამრავი შუალედური ფენები შეიძლება იყოს, როგორიცაა “ნაცნობი”, “ამხანაგი”, “უბნელი”, “სკოლელი”, თუმცა ყველა ეს ფენა ხაზს უსვავს “ჩვენ მეგობრები ვართ’ წრის განსაკუთრებულ მდგომარეობას.
მეგობარს, თუ ეს მართლა მეგობარია, და არა უბრალოდ ნაცნობი, ძალიან მაღალი სტატუსი აქვს. მე, როგორც მეგობარს უფლება მაქვს შენს ყურადღებაზე, მაშინ, როცა ეს მე მჭირდება, ანუ ყოველთვის, და შენს დახმარებაზე ჩემი საჭიროებებიდან გამომდინარე და არა შენი განწყობიდან. მართალია ეს ყველაფერი სიმეტრიულად უნდა ხდებოდეს, და ჩემი გაზრდილი უფლებები წონასწორდება შენს მიმართ ჩემი გაზრდილი პასუხისმგებლობებით. მეგობარი - ძალიან საპასუხისმგებლო საქმეა.

ჩვენ გვიყვარს ერთმანეთი

სიყვარული - გაცილებით უფრო რთულია ვიდრე მეგობრობა, სიყვარულში მოლოდინის თამასა გაცილებით მაღლა დგას: ჩემი ცხოვრება შენი ცხოვრება უნდა გახდეს, შენი კი - ჩემი ცხოვრების ნაწილი.
შენ უნდა გრძნობდე რა მაქვს სულში...
·      ეს სრულიად შესაძლებელია თუ მთელი შენი ყურადღება ჩემზეა მოჯაჭვული. თუ მე ეხლა შენი ცხოვრების ცენტრი ვარ.
ჩემი დღესასწაულები შენ უკეთ გახსოვს.
·      ეს გაცილებით მეტია ვიდრე მეგობრობაში: მეგობრისთვის საკმარისია უბრალოდ ცოცხლად და სწრაფად გამომეხმაუროს როცა შევახსენებ. სიყვარულში კი შეხსენება უკვე დამამცირებელია - თუ ვუყვარვარ, შეხსენება არ უნდა სჭირდებოდეს. მას ახსოვს, რადგან ჩემი ცხოვრებით ცხოვრობს.
როცა ჩემსა და მათ შორის არჩევანზე მიდგება საქმე (ყველა დანარჩენ ადამიანებს ვგულისხმობ) არც კი უნდა შეყოყმანდე.
·      შენი არჩევანი ვარ მე და მხოლოდ მე.
და როგორც წესი შემოდის აკრძალვა სხვა ადამიანებთან სასიყვარულო ურთიერთობებზე. კომერციულ ენაზე თუ გადავიყვანთ, სიყვარული მეგობრობისაგან განსხვავდება ელიტარული ასორტიმენტით, კერძოდ კი: ემატება მოლაპარაკებები ძვირფასეულობის შესახებ, მაგალითად სრული ნდობის ან სექსის გაცვლა-გამოცვლა.
·      რაც უფრო დეფიციტურია, მით უფრო ადვილად გადადის ძვირფასეულობის კატეგორიაში.
და თუ ეს ჩვენი ძვირფასეულობაა, უნდა დავიცვათ: შემოდის ექსკლუზიურობის მთხოვნა: “ეს მხოლოდ შენთვისაა. ეს - მხოლოდ ჩვენია”.
აი ასე, ჩემო კარგო, ჩემო ძვირფასო!!!!

მორალი, ანუ პრაქტიკული დასკვნები

თუ ვინმე რამეს გიშავებთ, ეს სულაც არ ნიშნავს რომ მისი ქმედება თქვენს მიმართ არის კონფლიქტური. კონფლიქტოგენები, ისევე როგორც სინტონები ჩნდება მხოლოდ ურთიერთმოლაპარაკების შიგნით, მოლოდინის საერთო წრის შიგნით.
კონფლიქტოგენი არის მოლოდინის დარღვევა მხოლოდ ერთობლივად მიღებული პოზიცია-მოლაპარაკების ფარგლებში, და თუ უარს ვამბობ თქვენს მიმართ რაიმე პოზიციის ქონაზე, მაშინ თქვენი მანამდე არსებული მოლოდინები ჩემს მიმართ უსაფუძვლო ხდება. და სრულიად ტყუილუბრალოდ გწყინთ.
მწარე ციტატა:
“არ მოვიდა ჩემს დაბადების დღეზე. არადა ეს ის ადამიანია, რომელიც მიყვარს. აღარც მირეკავს. მეწყინა, ძალიან მეწყინა!”
შეცდომაა.
მე (ნუ პრინციპში მე კი არა, მისი შეყვარებული) იყო როლში, რომელშიც მას უყვარდა და ისიც უყვარდათ, ჩვენ ვიცოდით რომ გვიყვარს ერთმანეთი, და მაშინ შენი მოლოდინი, რომ მე შენს დაბადების დღეზე უნდა მოვსულიყავი, მიზანშეწონილია. და თუ არ მოვედი, არც დაგირეკე და არც მოგილოცე, ხვალ კი ისე გირეკავ, თითქოს არც არაფერიო, გადაგეხვიე და გადაგკოცნე - ბუნებრივია ეს შენი წყენის საბაბი იქნება. მაგრამ თუ არ მოვედი შენს დაბადების დღეზე  და საერთოდ დავიკარგე, და აღარ მინდა შენთან შეხვედრა - ეს კონფლიქტოგენიც კი აღარ არის. ეს უარესია: ეს უკვე სხვა დამოკიდებულებაა.
·      შენ კარგი ადამიანი ხარ, მაგრამ აღარ მიყვარხარ. არც შენს სიყვარულზე მაქვს პრეტენზია, და ნუღარ ელოდები იმას, რისი მოცემაც შენთვის აღარ შემიძლია.
აქ წყენა უადგილოა. შეგიძლია გამოიტირო, მაგრამ წყენა აქ უკვე სისულელეა.

აბდაუბდა

არაჩვეულებრივი სქემაა. ყველაფერი ისეთი ლოგიკური და გასაგებია: “ნორმალური ადამიანები”, “მეგობრები” და “საყვარელი ადამიანები”... სამწუხაროა, რომ ცხოვრება გაცილებით რთული და დახლართულია. სამწუხაროდ ცხოვრებაში მარტივ სფეროებს “ ჩვენ ნორმალური ადმაინები ვართ” და “ჩვენ მეგობრები ვართ” ჩაეკვეხება ხოლმე ზოგიერთი სპეციალიზირებული ურთიერთობები, ეკვეხება და ართულებს არა მარტო სქემას, არამედ თავად ცხოვრებასაც.
·      ანუ გაცილებით უფრო საინტერესოს ხდის.
მოდით შევხედოთ ახალ სურათს. მოლოდინის ყოველი სურათი განსაკუთრებულ უფლებებს მაძლევს. მაგრამ თუ ჩემი თანამოსაუბრე თავს სხვა მოლოდინების წრეში ხედავს, ის ჩვენ სხვანაირად აღგვიქვავს და სხვანაირად აფასებს ჩვენს ურთიერთ უფლება-მოვალეობებს.

მე შენზე უფროსი ვარ, ამიტომ მეტი უფლებები მაქვს შენთან შედარებით ასაკიდან გამომდინარე. მაგრამ შენ ქალი ხარ და შესაბამისად ქალური უფლებები გაქვს ჩემთან შედარებით. ვისი უფლება უფრო უფლებამოსილია?
ან: იმისათვის, რომ მაღალი თანამდებობის უფროსს შეხვდეთ, საჭიროა მასთან შეხვედრაზე ჩაეწეროთ და ამისათვის მის მდივანს უნდა მიმართოთ. ყველაფერი გასაგები და ბუნებრივია. მაგრამ თუ უფროსი თქვენ ხართ, საინტერესოა როგორ აღიქვავს თქვენი ცოლი მოთხოვნას, რომ თქვენთან მიღებაზე თურმე თქვენს მდივანთან უნდა ჩაეწეროს, არადა ამ დროს ეჩქარება და სასწრაფოდ სჭირდება თქვენთან საუბარი?
...
ამ განსხვავებული ნორმების გადაკვეთა მუდმივად ქმნის საკონფლიქტო ნიადაგს: ერთის სიმართლე ვერ ებმის, ვერ უკავშირდება მეორის სიმართლეს. ის რაც ნორმალურია, ბუნებრივია და უბრალოდ აუცილებელია თქვენს აღქმაში, შეიძლება საწყენი და დამამცირებლად კონფლიქტური აღმოჩნდეს იმის თვალში, ვისაც ამას უკეთებთ.
რა დასკვნა უნდა გამოვიტანოთ აქედან? ნუ დაიმრგვალებთ თვალებს, როცა ამას გადააწყდებით, და შეძლებისდაგვარად წინასწარ მოილაპარაკეთ თქვენს მოლოდინებზე, მანამ სანამ ამ მოლოდინებით გადაუვლით იმას, ვინც ამისთვის მზად არ არის. და როგორც წესი, ამ მოლოდინებზე იმ ენაზე უნდა ესაუბროთ ადამიანს, რომელზეც ის საუბრობს და ისეთი ქცევის წესები დაიცვათ, რომლებიც მისთვისაა მისაღები.









Monday, July 20, 2015

სპირალური დინამიკის თეორია - ადამიანური ბუნების უკეთ შეცნობის საშუალება


როცა პირველად აღმოვაჩინე სპირალური დინამიკის თეორია რამდენიმე თვის წინ ინტერნეტში, ჩემი პირველი რეაქცია იყო “wow, ეს რა საინტერესო რამაა... რატომ აქამდე არაფერი ვიცოდი ამის შესახებ???”  შემდეგ როცა ქოუჩინგის მეცნიერებისა და ხელოვნების ერიქსონის საერთაშორისო სასერტიფიკაციო ტრენინგის მესამე მოდულზე გაგვაცნო ეს თეორია ჩვენმა ტრენერმა, ჩემი რეაქცია იყო “მაშ ქოუჩინგშიც ვიყენებთ ამ თეორიას?!” და როცა ამ სტატიის მომზადებას ჩავუჯექი და მასალები ამოვიღე ინტერნეტიდან, კითხვა, რომელიც თავში მიტრიალებდა, იყო “ქოუჩინგში როგორ დაგვეხმარება ამ ინფორმაციის ცოდნა ჩვენს კლიენტებთან ურთიერთობაში და  მათი საჭიროებების უკეთ გაგებაში?”
რა არის სპირალური დინამიკა?
სპირალური დინამიკა არის კვლევებზე დაფუძნებული ფსიქოლოგიური მიდგომა, რომელიც გვეხმარება გავერკვეთ ინდივიდუუმების, ორგანიზაციების და საზოგადოებების მსოფლმხედველობებსა თუ აზროვნების სისტემებში. იგი შეისწავლის:
·      თუ როგორ რეაგირებენ ადამიანები მათ გარშემო არსებულ სამყაროზე ამა თუ იმ სიტუაციაში და კონკრეტულად რა უნარები გააჩნიათ ადაპტირებისათვის (ეს განსხვავებული მიდგომაა ცნობილი ფსიქოლოგიური ტიპაჟებისაგან)
·      როგორ ფიქრობენ ადამიანები (როგორ ახდენენ კონცეპტუალიზაციას), და არა რაზე ფიქრობენ ადამიანები (კონცეფციები) - მაგალითად, მათი აზროვნება “ბაინარულია” (ორული - არ ვიცი როგორ ვთარგმნო ეს, ნიშნავს რომ ადამიანი აზროვნებს “შავ-თეთრის” “ან-ან” ჩარჩოში) და აბსოლიტურისტულია (თუ შავი არ არის, ესე იგი თეთრია), თუ აღიარებენ და თავს კომფორტულად გრძნობენ გაურკვევლობის და ამბიგიურობის დროს?
·      ცვლილებების შესახებ კომპლექსური კითხვები, მათ შორის “როგორ, ვინ, ვისზე ზეგავლენით, როდის უნდა გააკეთოს რაღაც?” (დაგაბნიეთ ალბათ, სორრი J `

საიდან მოდის ეს თეორია?
ეს თეორია ეფუძნება კვლევას, რომელიც ჩაატარა ფსიქოლოგმა დოქტორ ქლეარ გრეივსმა 1950-60-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ-იორკის იუნიონ კოლეჯში. გრეივსი ცდილობდა უკეთ ჩაწვდომოდა ადამიანის ბუნებას და ეპასუხა ისეთი კითხვებისათვის, როგორიცაა :
·      რატომ არიან ადამიანები განსხვავებულები?
·      რატომ ახერხებს ზოგიერთი ადამიანი შეცვლას და ზოგი ვერა?
·      როგორ ეხმიანება ჩვენი გონება სამყაროს, რომელიც სულ უფრო და უფრო კომპლექსური ხდება?
გრეივსმა 1952 წელს დაიწყო ადამიანის განვითარების პატერნების კვლევა და სხვადასხვა თეორიების შედარება-შეხამება ერთმანეთთან, და 20 წელი მოანდომა პირველადი მონაცემების შეგროვებას ათასობით სხვადასხვა წყაროდან. თავდაპირველად მისი სურვილი იყო თავისი თანამედროვის და მეგობრის, აბრაჰამ მასლოუს საჭიროებათა იერარქიის შემოწმედა-დამოწმება, მაგრამ გრეივსის მონაცემებმა აჩვენა რომ საჭიროებათა იერარქია არ იყო უნივერსალური, ის მხოლოდ დიდი სურათის პატარა ნაწილს აღწერდა (სხვათა შორის მასლოუმ აღიარა, რომ გრეივსის მოდელი მის მოდელზე უფრო წინწასული თეორიაა). ……..

გრეივსი გარდაიცვალა 1986 წელს და ვერ მოასწრო თავისი თეორიის ბოლომდე დახვეწა და სწორედ ამის გამო არ იყო ისე საქვეყნოდ ცნობილი, როგორც მასლოუ ან მაიერს-ბრიგსი.
გრეივსის თეორია დახვეწეს და დაამუშავეს მისმა სტუდენტებმა კრისტოფერ კოუვენმა და დონ ბეკმა, რომელთაც შემოიტანეს ტერმინი “სპირალური დინამიკა”.

თეორიის ავტორი, ქლეარ გრეივსი წერდა: “ მოკლედ მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა, იმაზე, რომ ზრდასრული ადამიანის ფსიქოლოგია წარმოადგენს დროში და სივრცეში გაშლად, მოძრავ, რხევად სპირალურ პროცესს, რომელშიც  უფრო დაბალი დონის ძველი სისტემები ჩართულია/შედის უფრო მაღალი დონის სისტემებში, როცა იცვლება ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემები”.

ეს კი მისი საქმის გამგრძელებლის, დონ ბეკის ციტატა:
“ ადამიანის განვითარების სპირალი შედგება მსოფლმხედველობის ჩახვეული ძაფებისაგან, სადაც თითოეული მათგანი არის თავისი დროის და ცხოვრების პირობების პროდუქტი. თუმცა, როცა ჩნდება მსოფლმხედეველობის ახალი სურათი, ძველი სისტემები არ ქრება. ისინი საერთო დინების ნაწილად იქცევიან, და არა მარტო ამდიდრებენ შეგრძნებებით ცხოვრების უფრო რთულ ხერხებს, არამედ “ჩრდილში რჩებიან” მანამ, სანამ არ გაჩნდება პრობლემები, რომლებიც მათ გამღვიძებას და სცენაზე გამყვანის აუცილებლობას შექმნიდა. ამრიგად, ჩვენს შიგნით არსებობს სისტმები, სამყაროს მინიატურული რუქები, სადაც თითოეული მათგანი არსებობის სხვადასხვა პრობლემას მიესადაგება. ყოველი ახალი მსოფლმხედველობა ჩნდება ქაოსიდან არაწრფივი გზით, და არ არსებობს დროის სწორი ხაზი უკან ისტორიისაკენ. სამყაროზე ნებიმისერი შეხედულება არის პლატფორმა თავისი უნიკალური პარადიგმით და საზოგადოების მოწყობის კოდური ინსტრუქციებით. როგორც დნკ-ს კოდი, ყოველი დონის უნიკალური ადაპტაციური თემები გამოხატულებას პოულობს ცხოვრების სტილში, ეკონომიურ, რელიგიურ, პოლიტიკურ და საგანმანათლებლო სისტემებში, შეხედულებებში სექსის, ქორწინების, სამსახურის, გარემოს და სპორტის შესახებ.”

და შემდეგ განაგრძობს:
“ჩვენს უკანასკნელ ნაშრომში გამოვიყენეთ გრეივსის ტექნოლოგია ცოდნის ახალი, ჯერ-ჯერობით ჩანასახში მყოფი სფერო - მემეტიკასთან ერთად. ჩვენ ავღნიშნეთ, რომ სამყაროს ყოველი მოდელი სინამდვილეში ძალიან ფასეული “მემია”- მაკოდირებელი მექანიზმი, რომელიც საზოგადოების ყველა ასპექტში, ყველა სფეროში აღწევს. გრეივსის ნაშრომში განსაზღვრული იყო სამყაროს 8 სურათი ანუ “მემი” და მეცხრე, რომელიც ჯერ ჩანასახშია და ჰორიზონტზე მოჩანს. ამავე დროს, ყველა მანამდე არსებული სისტემა ისევ აგრძელებს არსებობას. ეს, ტექტონური პლასტების მაგვარად არსებული სიღრმისეული დონეები ქმნიან გარეგნულ დაძაბულობას, როცა ჩვენ დროში ნახტომისებურად ვვითარდებით.”

“ეს არის საკვანძო იდეა. სხვადასხვა საზოგადოებები, კულტურები და სუბკულტურები, და ასევე მთელი ერები და ხალხები, ფსიქოლოგიური განვითარების სხვადასხვა ეტაპზე იმყოფებიან, რაც ევოლუციური განვითარების სხვადასხვა სირთულეში გამოიხატება. მათ სიმძიმის სხვადასხვა ცენტრი აქვთ. ადრე წარმოშობილი სისტემები არ იკარგება. ისინი აქტიურ პოზიციას ინარჩუნებენ სამყაროზე ჩვენი შეხედულებების ამ შრეებში და ამით ზეგავლენას ახდენენ უფრო მაღალი სისტემების ბუნებასა და ფორმაზე. როგორც რუსული მატრიოშკები, ეს სისტემები სხვა სისტემების შიგნით არსებობენ.

სწორედ დონ ბეკმა შექმნა ქვემოთ მოყვანილი თანამედროვე სამყაროს ძირითადი ფასეულობრივი “მემების”სქემა.

ჩვემი ფსიქო-კულტურული არქეოლოგიის ცოცხალი შრეები

დონე
ფერი
უბრალო დასახელება
აზროვნება
პიროვნული და კულტურული გამოვლინებები
1
კრემისფერი
გადარჩენა
ინსტიქტური
საჭმელი; წყალი; გამრავლება; სითბო; უსაფრთხოება; ცოცხლად დარჩენა.
ამ დონეზე ადამიანები დაკავებულები არიან პერიოდული იმპერატიული ფსიქოლოგიური საჭიროებებით. ცდილობენ დააკმაყოფილონ საკუთარი სხეულის მოთხოვნილებები. არსებობის ეს დონე მშვენივრად ესადაგება სახეობის გადარჩენას, მაგრამ დღეს ფაქტიურად აღარ გვხვდება, გონებრივი განვითარების, სრული დისასოციალურობის  ზოგიერთი იშვიათი გამონაკლისის გარდა (რგორც მაგალითად ქუჩის მაწანწალებს შეიძლება ჰქონდეთ) ან სხვა პათოლოგიური შემთხვევებისას.
2
მელნისფერი
მონათესავე სულები
ანიმისტიური
ტომობრივი არსი, უსაფრთხოების და დაცულობის ძლიერი მოთხოვნილება; ცხოვრობენ სულების სამყაროში, რომელთაც შეუძლიათ ავადმყოფობის და გამოჯანმრთელების გამოწვევა. სჯერათ სიმბოლოების, გათვალვის, თილისმების, ცრურწმენების და ტაბუსი. უფრო სუსტ ფორმაში ვლინდება როგორც ჯგუფთან ძლიერი იდენტიფიკაცია.
3
წითელი
ძალაუფლე-
ბის ღმერთები
ეგოცენტრული
სიამოვნება; ტკბობა; გარეგნული ბრწყინვალება; დაპყრობა; მოქმედება; იმპულსიურობა; დღევანდელი დღით ცხოვრება. ამოძრავებთ ძალა, მოითხოვენ მყისიერ დაკმაყოფილებას, აზროვნებენ შემდეგი პრინციპით “ მინდა ყველაფერი და ეხლავე”. მხოლოდ საკუთარი თავის სჯერათ. უარყოფენ დანაშაულის გრძნობას. რეაგირებენ მყისიერ პოზიტიურ კომენტარებზე, უყვართ შექება. ვერ იტანენ სირცხვილს. საკუთარი თავის დამტკიცების ძლიერი სურვილი. ცდილობენ ლიდერის პოზიციის დაკავებას. ხშირად ექსპლუატაციას უწევენ სხვებს. სიმშვიდის დამრღვევები. ცხოვრებისეული პრობლემების გადაჭრისას ხელმძღვანელობენ პირველ რიგში საკუთარი ინტერესებით.
4
ლურჯი
სიმართლის ძალა
ავტორიტარული
აზრი; დისციპლინა; ტრადიციები; მორალი; წესები; მომავლისთვის ცხოვრება.
შინაგანი ძალა - ეს ხდება ქცევის ინტერნალიზებული (გაშინაგნებული) ხელმძღვანელობა, სტრუქტურა და კოდექსი. ეს იძლევა მიზანს და სიცოცხლისა და სიკვდილის აზრს. გამოვლინდება როგორც “მოვალე ვარ” და “პასუხისმგებელი ვარ”, მორალური სიმართლის და ცხოვრების დიადი მიზნის სახით. წყვეტენ სულიერი სიმშვიდის მიღწევის პრობლემას.
5
სტაფილოს
ფერი
წარმატების წყურვილი
სტრატეგიული
მატერიალისტური; მოხმარების იდეოლოგია; წარმატება; იმიჯი; სტატუსი; ზრდა.
ორიენტირებულები არიან წარმატებაზე და სტატუსზე, ორიენტირებულები არიან ამოცანაზე, რათა მიაღწიონ მათთვის პირადად და საზოგადოებისათვის “საუკეთესო” შედეგს. ცხოვრების სტილი - მაღალი კონკურენცია, ისწრაფვიან სიმდიდრისკენ და ტექნოლოგიებისაკენ. ხელმძღვანელობენ პრაგმატიზმით, მეცნიერული აზროვნებით და შედეგზე არიან ორიენტირებულები. წყვეტენ ფიზიკური საყაროს დამორჩილების პრობლემას.
6
მწვანე
სოციალური კავშირები
თანხმობა (კონსენსუსი)
ეგილიტარიზმი; გრძნობები; ბუნებრიობა; ერთიანობა; ზრუნვა; საზოგადოება.
ორიენტირებულები არიან ადამიანებზე, კაცობრიობა - ერთიანი ოჯახია, სამყარო - თანასწორთა წრე; უარყოფენ დოგმატიზმს, არაჰუმანურ ტექნოლოგიებს და უხეშ მატერიალიზმს. ადამიანების საჭიროებები და გრძნობები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე დიადი მიღწევები, საბოლოო შედეგები ან წმინდა ომები. არ არსებობს აბსოლუტი, ყველაფერი შეფარდებითია. წყვეტენ სიცოცხლის ჰუმანიზაციის პრობლემას.

7
ყვითელი
მოქნილობის დინება
ეკოლოგი
ური
ბუნებრივი სისტემები; დამოუკიდებლობის პრონციპი; მრავალი პარალელური რეალობები; ცოდნა.
დიდი სურათის ხატება. ცდილობენ საკუთარი თავის გამოხატვას, მაგრამ ამისათვის ყველა შესაძლო ხერხზე არ მიდიან. იცავენ კომპეტენტურობის, ბუნებრივი სვლის, კონფლიქტების აუცილებლობის და შინაგანი და გარეგანი შეთანხმებულობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. უარყოფენ სტატუს, “-იზმებს”, იდეოლოგიებს, ბუნების ექსპლუატაციას და არასაჭირო კონფორმიზმს. მუშაობენ დარღვეული წესრიგის მქონე სამყაროს სიცოცხლისუნარიანობის აღდგენაზე
8
შაბიამნის
ფერი
საერთო სურათი
ჰოლისტი
ური
კოლექტიური ინდივიდუალიზმი; კოსმიური სულიერება; დედამიწა იცვლება.
21-ე საუკუნის ადამიანები, როგორც ადამიანთა ჯგუფი, რომელიც იღებს გამოწვევას გლობალური გადარჩენის პრობლემის გადასაწყვეტად, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. საკუთარი სამყაროს, როგორც სათამაშოს, რომელთანაც თამაში შეიძლება, მაგარმ ბოლომდე მაინც ვერ შეიცნობ, ინდივიდუალური, პარადოქსალური კვლევა


აი კიდევ უფრო ჩახუჭუჭებული მასალა ვისაც ჩაღრმავება მოგინდათ ამ თემაში.

გრეივსის “ორმაგი სპირალის” თეორია.
დიდი რაოდენობით მონაცემების აგროვების შემდეგ, გრეივსის კვლევა შეჯამდა როგორც თეორია, რომელსაც მან უწოდა “ არსებობის თეორიის აღმოცენებადი ციკლური დონეები” (‘Emergent Cyclical Levels of Existence Theory’ or ECLET), რომლის მიხედვითაც ადამიანები ვითარდებიან არა მხოლოდ ფიზიკურად, არამედ სოციალურად და ფსიქოლოგიურად, რაც მან შემდეგი სახით შეაჯამა (აქ ალბათ მხრები აჩეჩეთ - ეს ხომ ისედაც ვიცოდით, რა არის ამაში ახალი J  - მომყევით მეგობრებო

ზრდასრული ადამიანის ფსიქოლოგია არის მუდმივად აღმოცენებადი, გარდაუვალი, მუდმივად წინ და უკან მოძრავი სპირალური პროცესი, რომელშიც ძველი, უფრო დაბალი რანგის ქცევითი სისტემები პროგრესულად ექვემდებარებიან ახალ, უფრო მაღალი რანგის სისტემებს ადამიანის ეგზისტენციალური პრობლემების ცვლილებების ფონზე.
გრეივსმა შეამჩნია, რომ როცა ადამიანი კომპლექსურურობის გარკვეულ საზღვარს აღწევს, მის გონებას უჭირს აზრი გამოიტანოს და “გადაწვის-გადატვირთვის” ზღვართან მიდის, და იმისათვის, რომ გადარჩეს, გონებამ უნდა შექმნას რეალობის ახალი კომპლექსური მოდელი რათა თავი გაართვას არსებობის ახალ პრობლემებს.
სამყაროსა და მასზე ადამიანის საპასუხო რეაქციის ამ ურთიერთთამაშს, რომელიც მიესადაგება როგორც ცალკეულ ინდივიდუუმებს, ასევე სოციალურ დონეებს და მთლიანად ადამიანთა მოდგმას აღწერს გრეივსის “ორმაგი სპირალის თეორია”, სადაც აღწერილია ურთიერთობა :
Helix 1  (ცხოვრების კონდინცია, რეალობა): როგორია სამყარო ამ ადამიანისათვის ან ჯგუფისთვის? როგორ აღქვავენ დროს, ფიზიკურ სივრცეს არსებობის პრობლემებს, სად არის საჭირო ენერგიისა და ყურადღების ჩადება?
და
Helix 2  (გონების შესაძლებლობები, ნეირობიოლოგიური რეაგირება): “ხელსაწყოების” რა მარაგი გააჩნია ადამიანს თუ ჯგუფს რათა იარსებოს ამ სამყაროში? შეგუების რა მექანიზმები აქვს ინდივიდუუმს, ჯგუფს თუ საზოგადეობას, რა მექანიზმებს გამოიმუშავებს?

პირველი და მეორე ჰელიქსის კომბინაციები ქმნის გრეივსის მიერ განსაზღვრულ რვა შრეს (დონეს).

თავისი სისტემის წარსადგენად გრეივსმა გამოიყენა ორი ჰელიქსი - 1 ჰელიქსი - “ცოხვრებისეული პირობები” და მეორე ჰელიქსი - “ადაპტირების/გამკლავების საშუალებები”. გრეივსი იყენებდა ორ-ასოიან სისტემას მის მიერ განსაზღვრული რვა დონის წარსადგენად - პირველი ასო (რომელიც იწყება A-თი) - პირველი ჰელიქსის სვეტში - და მეორე ასო (რომელიც იწყება N-ით) მეორე ჰელიქსის სვეტში.


ჰელიქსი 1 ცხოვრებისეული პირობები


ჰელიქსი 2
გამკლავების საშუალებები
A
ბუნებრივი და ბიოლოგიური მოთხოვნილებების მდგომარეობა: ფიზიკური შეგრძნებები განსაზღვრავს ადამიანის მდგომარეობას
ბეჟი
N
ინსტიქტური: როგორც ბუნებრივი ინსტიქტები და რეფლექსები განსაზღვრავს; ავტომატური არსებობა
B
ფიზიკური სამყარო და სულების სამყაროს გადაკვეთს ერთმანეთს. კოლაბორაცია უსაფრთხოებია და გადარჩენის მიზნით. წინაპრების გზა, ტრადიციები და ნათესაობა იძლევა პასუხებს
მელნისფერი
O
ანიმისტიკური: სიცოცხლის არსის დანახვა ყველაფერში; ჯგუფის/თემის/კლანის ტრადიციებისა და რიტუალების მიხედვით ცხოვრება; ბუნებასთან ჰარმონაიში ყოფნა
C
ჯუნგლების კანონი სადაც ძლიერი იმარჯვებს, სუსტი კი ემსახურება; ბუნება მეტოქეა, რომელიც უნდა დაიმორჩილო
ითელი
P
ეგოცენტრიკული: საკუთარი თავის წარმოჩენა დომინანტობის მიზნით, ბუნების დამორჩილება. ექსპლოუატატორული (xloitive) სირცხვილის შეგრძნება და არა დანაშაულის. იმპულსურია და დაუყოვნებლივი
D
მაღალი ძალაუფლების მორჩილება. ძალაუფლება, რომელიც წარმათავს ცოცხლებს, სჯის დამნაშავეებს და აუცილებლად აჯილდოებს იმათ, ვინც სწორად ცხოვრობს და შრომობს.
ლურჯი
Q
აბსოლუტისტური: მაღალი ავტორიტეტის და წესების მორჩილება; ნორმებისადმი დამორჩილება; დანაშაულის შეგრძნება; სიმართლის, აზრის, დანიშნულების ძიება
E
რესურსებისა და შესაძლებლობების სიუხვე იმათთვის, ვისაც სურს სამყარო უკეთესობისკენ შეცვალოს, შექმნას ბარაქა  და ამისათვის გააჩნია ინიციატივა და მიდის რისკზე
სტაფილოსფერი
R
მულტიპლისტური: მოქმედებს პრაგმატულად და წინასწარ საზღვრავს სასურველ შედეგებს. კონკურენციასა და შედარებას შორის მანევრირება. მეცნიერულობა
F
საზიარო სამყარო, სადაც კაცობრიობას შეუძლია მიაღწიოს მშვიდობას სიცოცხლის მრავალფეროვნების პატივისცემისა და მასთან თანამშრომლობის გზით
მწვანე
S
რელატივისტური: ემპათია ადამიანის საჭიროებებისადმი და დახმარების სურვილი; სიტუაციონალურობა, მიკუთვნებულობა, კონსენსუალური, კონტექსტის მცოდნე
G
ქაოტური ორგანიზმი ფარული წესრიგით, სადაც ცვლილება ნორმაა და გაურკვევლობა მისაღები მდგომარეობაა ცოდნის შეძენის პროცესში
ყვითელი
T
სისტემური: პოულობს ურთიერთკავშირებს და მიზეზობრივ შრეებს; მუდმივად სწავლის პროცესშია; ფუნქციონალურობას უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე სიყვარულს, სტატუსს, წესებს თუ ძალაუფლებას.
H
ურთიერთგადაჯაჭვული ძალების დელიკატურად გაწონასწორებული სისტემა, რომელიც კაცობრიობისაგან საფრთხის ქვეშ დგას და საჭიროებს თანაგრძნობას და შემეცნებას
შაბიმნისფერი
U
ჰოლისტიური: გამოცდილებაზე დაფუძნებული სწავლება; ტრანსპეროსნალური ცოვრება; კოლექტიური ცნობიერება და ენერგეტიკული ველების აღქმა
ის უნარი.
I
ჯერ ბოლომდე არ არის გარკვეული - შესაძლოა ორიენტირება მოხდეს მე-ზე
მარჯნისფერი
V
ნერვოლოგიური განვითარების შემდეგი საფეხური. თეორია ღიაა ჰომო საპიენსის ტვინის ლიმიტის ფარგლებში...

(ტრანსპერსონალური ცხოვრება - ყოველდღიურობაში განსაკუთრებულის აღმოჩენა)
გრეივსმა მოგვცა იმის განსაზღვრება თუ რას ესწრაფვიან ადამიანები ცხოვრებაში ფიზიოლოგიური არსებობის ყოველ საფეხურზე (იხილე დანართი)

პირველი დონე - კრემისფერი (A-N) ეგზისტენციალური: გადარჩენა, ბიოლოგიური მოთხოვილებების დაკმაყოფილება, რეპროდუქცია, ინსტიქტური მოთხოვნების დაკმაყოფილება. რეაქტიული, ბუნებრივი არსებობის მდგომარეობაში ცხოვრება, მიზეზ-შედეგობრივი კავშირის აღქმის შეზღუდული შესაძლებლობა; ძალიან ცოტაა დარჩენილი დედამიწაზე ამ სტადიაში მაცოვრებელთა რიცხვი, თუმცა შესაძლებელია რეგრესი (მაგალითად ალზაიმერსით დაავადებულები).

მეორე დონე - იასამნისფერი (B-O) ანიმისტური: წინაპრების პატივისცემა; საფრთხისაგან დაცვა; სულიერი რეალობის მიღება; ოჯახური კავშირები;
ადამიანი ჯგუფშია გათქვეფილი, აღარ არის ცალკეული “მე”-ს იდენტობა - ყურადღება გადატანილია თანამშრომლობაზე, გაზიარებაზე, რიტუალებზე; კონფლიქტი საფრთხის წინაშე დააყენებს ტომს (
who have the forces of nature to contend with)

მესამე დონე -
წითელი (C-P) ეგოცენტრული: ძალაუფლება/ქმედება, საკუთარი თავის გაძლიერება სხვების დომინირების, კონტროლის მიზნით, შეგრძნებითი სიამოვნების მიღება
ადამიანი ცდილობს გამოეყოს ტომს, იმპულსურია, ეძებს პატივისცემას, ღირსება მნიშვნელოვანია და ცდილობს აიცილოს სამარცხვინო სიტუაციები; თავს დამკვიდრება; ძალაუფლება კარგია; სამყარო მუდმივი შეჯიბრებაა, სულაც არ აღელვებს როგორ ვარ მე, ამიტომ მხოლოდ ძალაუფლება დამეხმარება გავიმარჯვო და ვიყო წარმატებული.

მეოთხე დონე - ლურჯი (D-Q) აბსოლუტისტური: სტაბილურობა/წესრიგი, დისციპლინა და დამორჩილება ჯილდოს მომავალში მოპოვების რწმენით, მიზანი, აზრი, რწმენა
აღმოცენდება C-P ქაოსიდან - კანონიერი ავტორიტეტისადმი დამორჩილება, “შავ-თეთრი” აზროვნება, კატეგორიულობა, საკუთარ თავზე უარის თქმა იდეალური, სწორი გზისათვის, სტაბილურობა და უსაფრთხოება, რომლის მოსაპოვებლად ხდება მსხვერპლის გაღება და დამორჩილება, წიგნის/სახელმძღვანელოს/ინსტრუქციების მიხედვით მოქმედება; ახალი ნორმების შემოტანა საფრთხის ქვეშ აყენებს კონტროლს/ავტორიტეტს.

მეხუთე დონე - სტაფილოსფერი (E-R) მულტიპლისტური: შესაძლებლობები/წარმატება, შეჯიბრება შედეგების მისაღწევად, ზეგავლენა, ავტონომია
აღმოცენდება D-Q-ს სიხისტიდან, როგორ ვიყოთ მოქნილები, მანევრირება შეგვეძლოს იმის მაგივრად რომ  ბრმად დავემორჩილოთ, ბევრი გზა და მრავალი კრიტერიუმი ერთადერთი “ჭეშმარიტი” გზის თუ სტანდარტების მაგივრად. მიზანზემიმართული, დამოუკიდებელი, თვითკმარი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული, ექსპერიმენტები საუკეთესო გზის მოსაძებნად მრავალ ვარიანტს შორის, მომავალზე ორიენტირებული და შეჯიბრების მოყვარული, კარგი ცხოვრებისა და დოვლათის შექმნისთვის მომუშავე, გამარჯვებულები იმსახურებენ თავის ჯილდოებს.

მეექვსე დონე - მწვანე (F-S) რელატივისტური: ჰარმონია/სიყვარული, ერთობლიობა საერთო ზრდის მიზნით, ცნობიერება, მიკუთვნებულობა.
აღმოცენდება E-R -ის ზედმეტობის საპასუხოდ, მარტოკას არ შემიძლია ამის გაკეთება და ამიტომ მჭირდება სხვებთან თანამშრომლობა, ჯგუფის წევრობას დიდი წონა და ფასი აქვს, ტელარანტულია განსხვავებულობის მიმართ რადგან ხედავს სხვადასხვა პერსპექტივებს, მოითხოვს ნდობას, არ სურს ზიანი მიაყენოს სხვებს, მაღალი ემპათია ახასიათებს და მგრძნობელობა სხვების მიმართ - ყველა მნიშვნელოვანია.

მეშვიდე დონე - ყვითელი (G-T) სისტემური: დამოუკიდებლობა/საკუთარი თავის ფასის ცოდნა, ცოცხალ სისტემასთან მორგება, ცოდნა, კარგი კითხვები
მოითხოვს მოქნილობას, ავტონომიას, ღებულობს პარადოქსებს და გაურკვევლობას, საკუთარ ინტერესებს იკმაყოფილებს სხვების დაზიანების გარეშე, ცნობისმოყვარეა, სწავლობს სხვადასხვა წყაროებიდან, კონტექსტუალური მოაზროვნეა, ბევრ რამეს ხედავს, მაგრამ ყველაფერის აღწერას ვერ ახერხებს, კარგად აცნობიერებს რას აკეთებს და რას ვერ გებულობს, დასჯილია ჩვეულებივი საგანმანათლებლო სისტემის მიერ და კორპორატიული სტრუქტურების მიერ, არ მოტივირდება გადარჩენის შიშის, ღმერთის და სოციალური მოწონების გამო, დამნაშავედ თავის შეგრძნება და ჯილდოს მოლოდინი არ მოქმედებს მასზე - კარგის კეთებას ცდილობს ყოველგვარი კომპულსური გამღიზიანებლის ან ამბიციურობის გარეშე.

მერვე დონე - შაბიამნისფერი (H-U) ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია: გლობალური აზროვნება, გლობალური საზოგადოების წევრად თავის აღქმა, სიცოცხლის ძალის პატივისცემა, დედამიწაზე სიცოცხლის გადარჩენა, მაღალი ცნობიერება
რა ეგზისტენციალურ პრობლემებს შექმნის ეს დონე ჯერ არ არის ცნობილი ბოლომდე. შეიძლება ეს იყოს: ყველა ცოცხალი არსების კარგად ყოფნაზე ჰოლისტიური ფოკუსირება, ცოდნის მრავალი გზის არსებობის მიღება და თავის კომფორტულად გრძნობა, საკუთარი თავის უფრო დიდი, არალოკალური ველის ნაწილად აღქმა.

სპირალური დინამიკის თეორია და ქოუჩინგი
ეხლა კი ვეცდები ვუპასუხო თავში დასმულ კითხვას - როგორ შეიძლება ეს თეორია გამოგვადგეს ქოუჩინგში.
პირველ რიგში, ეს თეორია გვახსენებს, რომ ყველანი ინდივიდუალურები ვართ ჩვენი საკუთარი ფასეულობითი სისტემით, აზროვნების სტილით და სამყაროსთან ინტერაქციის სხვადასხვა ფორმით. აქდან გამომდინარე კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ არ შეიძლება დავუშვათ აზრი, რომ ადამიანები ისევე ფიქრობენ ან უნდა იფიქრონ, როგორც ჩვენ. შესაბამისად ჩვენი მიმღებლობის დონე იზრდება.
ამ თეორიის ცოდნა აგერთვე დაგვეხმარება ქოუჩინგში და სხვებთან კომუნიკაციაში, იქნება ეს ინდივიდუალური, პირისპირ თუ გლობალურ მასშტაბში. თუ მოვახერხებთ იმის გააზრებას თუ როგორია ადამიანის ფასეულობითი სისტემა და აზროვნების სტილი, უკეთ შევძლებთ კონკრეტულ ადამიანს, აუდიტორიას, თუ საზოგადოებას “მოვარგოთ” ჩვენი გზავნილი და უფრო ღრმა და ძლიერი კავშირი გავაბათ.

სპირალური დინამიკისთ თეორიიდან გამოტანილი რამდენიმე დასკვა რომლებიც ქოუჩინგის პროცესში დაგვეხმარება

·      არ არსებობს აზროვნების “სწორი” და “არასწორი” გზა;
·      სამყაროს სჭირდება ადამიანები რომლებიც სხვადასხვა დონეების შესაბამისად აზროვნებენ, და სჭირდება “სპირალი” რომ გადარჩეს;
·      როცა შემდეგ საფეხურზე გადავდივართ, წინა საფეხურის ფასეულობებიც ჩვენში რჩება, რათა საჭიროების შემთხვევაში გამოვიყენოთ ხოლმე;
·      ადამიანი, კულტურა, ან საზოგადოება შეიძლება “სპირალზე უკან წამოვიდეს” და წინა სტადიას დაუბრუნდეს, ან შეიძლება “გაიჭედოს” აზორვების რომელიმე საფეხურზე;
·      ქვედა დონეებმა არ იციან ზედა დონეების არსებობის შესახებ;
·      პიროვნებები და საზოგადოებები საჭიროებენ ლიდერებს, მათ შორის ქოუჩებსაც, რომლებიც უფრო მაღალი საფეხურიდან აზროვნებენ, რომელთაც შეუძლიათ სხვადასხვა საფეხურებზე მდგომი ადამიანების განსხვავება, და ამ ცოდნის გამოყენება პრობლემების გადასაწყვეტად სწორედ იმ ფასეულობითი სისტემაზე დაყრდნობით, რომელიც ყველაზე უპრიანი იქნებოდა მოცემულ მომენტში.

ამ თეორიის ცოდნა დაგვეხმარება დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს მათი ფასეულობითი სისტემის და აზროვნების სტილის შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღონ და განხორციელებაც უფრო ადვილი და სახალისო იქნება მათთვის.  


გამოყენებული ლიტერატურა:
·      Мэрилин Аткинсон, Пол Госсен. Наука и Исскуство Коучинга. Модуль 3. Глубинная Ценность Коучинга.

·      Angela Goodeve. What is Spiral Dynamic Coaching, and why haven't we heard it?
·      Spiral Dynamics - https://spiraldynamics.org/sd-and-coaching/

·      Spiral Dynamics Integral - http://spiraldynamics.net/DrDonBeck/essays/human_capacities.htm











ვისაც მეტი ინფორმაცია გინდათ მიიღოთ ამ თემაზე. გადახედეთ შემდეგ საიტებს
Education.ge 
სხვადასხვა ფერის სამყაროები